LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Soapia – ახალი ქართული ბრენდი, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს ბუნებრივი ინგრედიენტებით ქმნის

340

ქართულ ბაზარზე თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ახალი ბრენდი გამოჩნდა – Soapia (სოაპია) ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც ტანის კარაქს, სახისა და ტანის საპნებს, აბაზანის ბომბებსა და ტუჩის ბალზამებს აწარმოებს.

როგორც „ფორტუნას” Soapia-ში განუცხადეს, ბრენდი ორიენტირებულია ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქციის შექმნაზე.

„ჩვენი კომპანია ბორჯომშია რეგისტრირებული და პროდუქციის ნაწილი სწორედ ბორჯომშივე იწარმოება, ნაწილი კი- თბილისში. რაც შეეხება Soapia-ს შექმნის იდეას, იქიდან გაჩნდა, რომ მსგავსი პროდუქტი არაა ჩვენთან იოლად ხელმისაწვდომი, თუ ვინმე აკეთებს, არ იცის ხალხმა. ამიტომ, Soapia-ს გამოჩენას ვიცოდით, რომ დაინტერესებაც მოჰყვებოდა. ჩვენთან ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ბაზარზე დეფიციტია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ პროდუქტი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ნატურალური და ორგანული, ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ამჟამად, ვაწარმოებთ ტუჩის ბალზამის რამდენიმე სახეობას, საპნის 7 სახეობას, ტანის კარაქსა და აბაზანის ბურთულებს. პროდუქტი იქმნება ქოქოსის ცხიმით, ზეითუნის, ნუშის, აბუსალათინის, ყურძნის წიპწის ზეთებისგან, კაკაოსა და შიის კარაქით, ფუქტკრის ცვილით, ვიყენებთ აქტივირებულ ნახშირს, თიხას და სხვადასხვა სურნელოვან ეთერზეთებს, დამატებითი სასარგებლო თვისებების დასამატებლად”, – აცხადებენ ბრენდ Soapia-ში.

მათივე ცნობით, კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ამ ეტაპზე ონლაინ ახორციელებს. „პროდუქციის შეძენა ხდება ინტერნეტის საშუალებით, მიწოდება კი ხორციელდება კურიერის მეშვეობით. თბილისის მასშტაბით კურიერის მომსახურების ღირებულებაა 3 ლარი. 25 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, კურიერის მომსახურება უფასოა. ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საქართველოს ბანკის ანგარიშზე. თავად პროდუქციის ღირებულება კი მაქსიმალურადაა მორგებული ქართულ ბაზარს, ის  3 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქციას რეგიონებშიც ვაგზავნით ფოსტით საშუალებით”, – განმარტავენ კომპანიაში.

როგორც Soapia-ში აცხადებენ, კომპანიამ საქმიანობა რამდენიმე თვეა დაიწყო და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. „ვაპირებთ მაღაზიების ქსელში შესვლას, ამასთან, პროდუქციის გამრავალფეროვნებასა და ასორტიმენტის გაზრდას. ამ ზაფხულსვე გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია თბილისისა და ქუთაისის მაღაზიებში გამოჩნდეს. გეგმაშია ასევე ბორჯომი და ბათუმიც”, – აღნიშნეს Soapia-ში.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლის მხრიდან ინტერესი დიდი სტიმულია განვითარებისთვის, ამიტომ Soapia მომავალში საკუთარ კლიენტებს ბევრ საინტერესო და სასარგებლო სიახლეს შესთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები