LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლაში სავალდებულო წლების რაოდენობა გაიზრდება

1082
70817880-537166670421691-6830983250488328192-n

განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება.ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ადასტურებს, რომ სამინისტრო  ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე აქტიურად მუშაობს.

მიმდინარე ცვლილებით, მეათე კლასი საბაზო საფეხურზე ჩამოვა, ანუ სავალდებულო 9 კლასის განათლების მაგივრად, 10 წელი იქნება. მე-11 და მე-12 კლასი კი, ორიენტირებული იქნება უმაღლეს განათლებაზე. მინისტრი ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით სკოლებს უფრო მეტი დიფერენცირების საშუალება მიეცემათ.

„სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში ზუსტად ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თუ რეფორმა იმ მიმართულებით წავა , რომ პროფილური განათლების კურსი შენარჩუნდეს, აქცენტი არჩევით საგნებზე და მრავალფეროვან არჩევით კურსებზე გაკეთდება.

მარიამ ჩიქობავამ განათლებაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების გადამზადების პრობლემა დღის წესრიგში დგას.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იქცეს იმგვარ კურსებად, როგორიც ახლა გვაქვს. რეალურად, დღეს არსებულ კურსებზე სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების პრობლემაა და ამავე დროს პედაგოგის კვალიფიკაციის პრობლემაც. აუცილებელია, რა კურსებიც იქნება შეთავაზებული, მას მოჰყვეს სახელმძღვანელო, თუ სრულყოფილი არა, მინიმუმ გზამკვლევი მაინც, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია პედაგოგისთვის და ამავე დროს, უნდა მოვახერხოთ პედაგოგების შესაბამისად გადამზადება. ამ ყველაფერს მთელი წინა მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება და არ გვინდა, რომ ასე მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩიქობავამ.

განათლების სამინისტროს ინიციატივა, რომ სკოლებში სწავლების საბაზო საფეხური ათწლიანი გახდება, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემაც, მისი თქმით, დღევანდელი სკოლის მოდელი ვეღარ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ცვლილება აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის ცვლილებამდე, სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლება 9 წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები