LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაციის რადიკალიზაცია, ის რაც ახლა ხდება, ყველაზე ცუდია: მამუკა გამყრელიძე

108
1605200339-197449

„სიტუაციის რადიკალიზაცია, ის რაც ახლა ხდება, ყველაზე ცუდია“,-ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

„ფორტუნას“ კითხვაზე რა კორექტივებს შეიტანს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლა პოლიტიკური პარტიების გეგმებში გამყრელიძე პასუხობს, „სააკაშვილის ჩამოსვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხელისუფლებას რათქმაუნდა უხერხულობას შეუქმნის, მეორე მხრივ, არვიცი, რამდენად შემატებს პლიუსს მის საკუთარ პარტიას. მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა გამაღიზიანებელი იქნება მეორე მხარისთვის და მოხდება სახელისუფლებო ამომრჩევლის მობილიზაცია, შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც მობილიზდება. რეალურად, მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ ამით დავზარალდებით ის პარტიები, რომლებიც ცენტრში ვართ განლაგებულნი“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

მოახლოებულ არჩევნებზე და პროგნოზებზე საუბრისას მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციამ შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს.

„არჩევნებზე მცირე სხვაობა იქნება ერთგვარი მაჩვენებელი იმისა, რომ ერთი მხრივ შესაძლოა რაღაც გაყალბდა. ამ პატარა განსხვავებამ შეიძლება სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს და ამის მეშინია ყველაზე მეტად.

რეალურად ამომრჩეველი შუაზეა გაყოფილი და ამის დაბალანსება ხდება ცენტრში მყოფი პარტიების საშუალებით. სიტუაციის რადიკალიზაცია, ის რაც ახლა ხდება, ყველაზე ცუდია. ესკალაცია ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება“,-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.