LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილი, ცეკვა, ძილი: უცნაური ეპიდემიები, რომელსაც მეცნიერებმა ვერაფერი გაუგეს

1704
ცეკვა

კორონავირუსი ჯერჯერობით იდეალურად გრძნობს თავს. ადამიანები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ მისი სუსტი წერტილის მოძებნას, მაგრამ უშედეგოდ. ეპიდემია უკან დახევას არ აპირებს. რასაკვირველია, ყველას გვჯერა, რომ ადამიანები მის დამარცხებას უახლოეს მომავალში შეძლებენ. მსოფლიო ისტორია ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.

ადამიანებს არაერთი განსაცდელისთვის გაუძლიათ. იყო ისეთი უჩვეულო პანდემიებიც, რომლის ამოხსნაც ადამიანებმა ვერ შეძლეს.

მათ შორისაა ე.წ. “ცეკვის ეპიდემია”, რომელიც პირველად ევროპაში 1518 წელს გაჩნდა. მოგვიანებით ამ ფენომენს “წმინდა ვიტას ცეკვები” უწოდეს.

ერთი შეხედვით ადამიანებს არაფერი სჭირდათ, უბრალოდ დღე და ღამე განუწყვეტლივ ცეკვავდნენ და არ ჰქონდათ იმის უნარი, რომ შეჩერებულიყვნენ. ბოლოს კი დაღლილობისგან ან გულის შეტევით იხოცებოდნენ.

ამოუცნობი დაავადება სწრაფად ვრცელდებოდა და ადამიანიდან ადამიანზე გაურკვეველი გზით გადადიოდა.

პირველი შემთხვევა 1518 წლის ივლისში, სტრასბურგში დაფიქსირდა, როდესაც ფრაუ ტროფეამ დაიწყო ცეკვა სტრასბურგის ერთ-ერთ ქუჩაზე. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ 34 კაცი შეუერთდა, ერთ თვეში კი, მისი სასიკვდილო ცეკვის ტურის დასასრულს, მოცეკვავეთა რაოდენობა 400-მდე დაიზარდა.

ისტორიული წყაროები, მათ შორის “ექიმების ჩანაწერები, საეკლესიო ქადაგებები, ადგილობრივი და რეგიონალური ქრონიკები და სტრასბურგის ქალაქის საბჭო ჩანაწერები” ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ყველა გარდაცვლილი მსხვერპლი ცეკვავდა. თუმცა, უცნობი იყო ის ფაქტი, თუ რატომ აკეთებდნენ ამას ეს ადამიანები.

შუა საუკუნეების მკურნალებმა განაცხადეს, რომ ეს დაუდეგარი მოცეკვავეები ეშმაკის მიერ იყვნენ შეპყრობილი და მედიცინა ამ შემთხვევაში უძლური იყო რაიმე გაეკეთებინა.
ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა იმის შესახებ, რომ ამ იდუმალმა ეპიდემიამ არა ერთხელ იფეთქა ევროპაში. მაგალითად, ცნობილმა მხატვარმა პიტერ ბრეიგელმა დახატა ცეკვის ციებ-ცხელება, რომელმაც 1564 წელს მთელი ფლანდრია მოიცვა.

იტალიაში ამ უჩვეულო ავადმყოფობას “ტარანტიზმი” ერქვა. ადამიანებს სჯეროდათ, რომ ეს შეშლილი მოცეკვავეები ცეკვას უზარმაზარი ობობის კბენის შემდეგ იწყებდნენ, იმ მიზნით, რომ შხამისაგან არ მომკვდარიყვნენ…

“ცეკვის ეპიდემია” დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისათვის.

 

კაცობრიობას ახსოვს სიცილის ეპიდემიაც.

1962 წელს, უცნაური რამ მოხდა ტანგანიკაში (ამჟამად ტანზანიაში). ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა სიცილი უმიზეზოდ დაიწყეს. სიცილი ნამდვილ ეპიდემიაში გადაიზარდა და შემდეგ მეზობელ სოფლებსა და ქალაქებში გავრცელდა. ამ დრომდე, მეცნიერები ცდილობენ იპოვონ უცნაური ფენომენის მიზეზი. ადამიანებს სიცილისგან სახსრები სტკიოდათ, თუმცა გაჩერებას ვერ ახერხებდნენ.

სილვია კარდოზო, კამპინასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთოლოგი, რომელიც სწავლობს სიცილს როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში, მომხდარის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ეპიდემიის მიზეზი შეიძლება ვირუსი ყოფილიყო. ერთ-ერთ  ინტერვიუში მან თქვა: ”ჩემთვის დაუჯერებელია, რომ წმინდა ფსიქოლოგიური მასობრივი რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს ამდენ ხანს და იყოს ასე გავრცელებული”.

ამერიკელი ნევროლოგები ჰანა და ანტონიო დამასიო ვარაუდობენ, რომ პათოლოგიური სიცილი ხდება, როდესაც ტვინის ძირითადი ნაწილის სტრუქტურები ზიანდება. ამ მოდელზე დაყრდნობით, ისინი მიიჩნევენ, რომ 1962 წლის ეპიდემია გამოიწვია ვირუსულმა ინფექციამ.

საბედნიეროდ სიცილის ეპიდემიას სიკვდილი არ მოჰყოლია.

 

მეცნიერებმა ვერაფრით ამოხსნეს ძილის ეპიდემია

ლეთარგიული ენცეფალიტი, ანუ ძილის ავადმყოფობა წინა საუკუნის ერთ-ერთი ამოუცნობ დაავადებად რჩება.

სამწუხაროდ მან უამრავი ადამიანი შეიწირა, ძირითადად – 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდები…
უცნაური დაავადების წყალობით ადამიანებს „ცოცხალ ძეგლებს“ ემსგავსებოდნენ. მათ არ შეეძლოთ სიარული, ლაპარაკი და ჭამა. ლეთარგიული ენცეფალიტის მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან რთული იყო, ამიტომ საიდუმლო სენმა 50 მილიონამდე ადამიანი დააზარალა.

ეპიდემია 1914-15 წლებში პარიზში დაიწყო, როცა ჯარისკაცებმა მასობრივად დაიწყეს ექიმებთან მისვლა. სიმპტომი ერთნაირი იყო: თავის ტკივილი, სისუსტე და ძილიანობა.

undefined
პირველი სიმპტომების შემდეგ პაციენტები ხანგრძლივ და ღრმა ძილში ეფლობოდნენ, საიდანაც გაღვიძება ყველას აღარ ეწერა.

მათ კი, ვინც გაღვიძება მოახერხეს, მეხსიერების დაკარგვასა და გონების დაბინდვას უჩიოდნენ.

დაავადება შეისწავლა ავსტრიელმა ნევროლოგმა კონსტანტინე ფონ ეკონომომ.
ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება ლეთარგიული ენცეფალიტის კვლევას მიუძღვნა, თუმცა კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივიდა.

დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ გაციებას ან გრიპს, ამიტომ ლეთარგიული ენცეფალიტის დიაგნოზის დადგენა რთული იყო. როცა ექიმები ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, ტვინი უკვე დაზიანებული იყო.

ძილის ავადმყოფობის ეპიდემია 1940 წელს დასრულდა. მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ დაავადებას იწვევდა ვირუსი, რომელიც ამჟამად განადგურებულია.

თუმცა, სამწუხაროდ შეცდნენ. რამდენიმე წლის წინ ძილის ეპიდემიის ფენომენი გამოჩნდა ყაზახეთში. დაავადებულ ადამიანებს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები