LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჩუმე ქარიშხლის წინ – შვედეთის სიურეალისტური სიმშვიდე

358
5710

ამ ეტაპზე შვედეთი ევროპის ბოლო ქვეყანაა, სადაც არანაირი კარანტინი არ გამოცხადებულა. უფრო მეტიც, ქვეყანას არც საზღვრები დაუხურავს. ღიაა სკოლები, სავარჯიშო დარბაზები, კაფეები, რესტორნები და მაღაზიებიც კი. ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებენ კინოთეატრები, ქუჩებში ხელჩაკიდებული წყვილები სეირნობენ, გასულ უქმეებზე კი სანაპიროზე და პარკებში შეძლებდით არაერთი ოჯახის ნახვას, რომელიც პიკნიკზე იყო. შვედეთი უარს ამბობს მკაცრ ზომებზე კორონავირუსის წინააღმდეგ. სტატიას ,,გარდიანი” აქვეყნებს.

შვედეთის მთავრობის მიღებული ზომები მსოფლიო პანდემიის დროს მხოლოდ რამოდენიმე რეკომენდაციით შემოიფარგლა: აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის შეკრება, იმ ადამიანებს, ვინც 70 წელზე უფროსია ან ქრონიკული დაავადება აქვს, სოციალური დისტანცირება ურჩიეს, დანარჩენებს კი სახლიდან მუშაობა, თუ ეს შესაძლებელია.

შვედეთის მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, პანიკა სრულიად უადგილოა. თუმცა ხალხისგან განსხვავებით, პანიკის ნიშნები ნამდვილად შეინიშნება ქვეყნის სამედიცინო და სამეცნიერო წრეებში. მეცნიერები და მედიკოსები მთავრობას სპეციალური პეტიციით მიმართავენ და შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ, სანამ ძალიან გვიანი არ არის. პეტიციას ხელი 2000-ზე მეტმა ექიმმა, მეცნიერმა და პროფესორმა მოაწერა, მათ შორის ნობელის ფონდის თავმჯდომარემ, პროფესორმა კარლ ჰენრიკ ჰელდინმა. “ჩვენ საკმარის ადამიანს არ ვამოწმებთ, საკმარისს არ ვუტარებთ ტესტებს. საკმარისად არ ვიცავთ იზოლაციას და ეს ყველაფერი კატასტროფისკენ მიგვიძღვის”, – ამბობს პროფესორი სესილია სოდერბერგ-ნოკლერი, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი იმუნოლოგ – ვირუსოლოგი მკვლევარი.

ეს ძლიერი სიტყვებია, თუმცა შვედეთში სტოიციზმი ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. მოქალაქეებს უპრეცენდენტოდ მაღალი ნდობა აქვთ მთავრობის მიმართ და მათ ნათქვამს ემორჩილებიან. გამოკითხვისას მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ისინი სულაც არ თვლიან, თითქოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად არ ეკიდება, უბრალოდ პანიკა უფრო საშიშია, ვიდრე ეს ვირუსი. შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდრეს ტეგნელის განცხადებით, მთავრობის სტრატეგია სწორია. სტრატეგია კი გულისხმობს იმაზე ზრუნვას, რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სიტემის გადატვირთვა, ვირუსი კი ნელა გავრცელდეს ისე, რომ არ შეიქმნას გადატვირთულობის პრობლემა. ტეგნელის თქმით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევევბი ყველგან იმატებს და ცხადია კიდევ მოიმატებს, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც კარანტინია და ვერც ასეთმა ქვეყნებმა შეძლეს ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება.
მიუხედავად ამისა, შვედეთის მთავრობა და ეპიდემიოლოგები უარს ამბობენ ,,კოლექტიური იმუნიტეტის” წარმოთქმაზეც კი.

შვედების მოსაზრებას არ იზიარებენ მათი მეზობლები. შვედეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა: დანიამ, ფინეთმა და ნორვეგიამ კარანტინის სტრატეგია აირჩიეს. უკვე რამოდენიმე კვირაა მათ ჩაკეტეს საზღვრები, დაკეტეს სასწავლო დაწესებულებები და თითქმის ყველა სხვა სახის დაწესებულება. ტეგნელის თქმით, ეს სწორი სტრატეგია არ არის, რადგან შეუძლებელია კარანტინი თვეობით გაგრძელდეს. კოლეგის აზრს არ იზიარებს პროფესორი სესილია სოდერბერგ-ნოკლერი. ,,მთავრობა თვლის, რომ ვირუსის შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ ისინი აპირებენ უბრალოდ უყურონ, როგორ დაიხოცებიან რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანები. მთავრობა ბრმად ენდობა ჯანდაცვის საჯარო სააგენტოს ისე, რომ არ ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს მსოფლიოს მასშტაბით. მათ არ ესმით, რომ ძალიან მალე სტოკჰოლმში იქნება ბევრად უარესი სიტუაცია, ვიდრე იტალიაში და მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება ზომების მიღება”, – ამბობს ის.

ტეგნელის თქმით, ასეთი კრიტიკა საფუძველს მოკლებულია, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ კარანტინი უფრო ეფექტური გზაა ეპიდემიის დასამარცხებლად. მისი თქმით, შვედეთის მთავრობა კრიზისს სრულად აკონტროლებს და ჯერჯეობით, მოსახლეობის უმეტესობა მას ენდობა. შვედები ძველებური ცხოვრებით ცხოვრობენ. და მაინც, არსებობენ ისეთები, ვინც თვლის, რომ ასე მოქცევა არასწორია. ასეთი ხალხის რიცხვი კი ყოველდღიურად იმატებს.

,,ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი მეკითხება: სხვები სულელები არიან თუ ჩვენ ვიქცევით არასწორად? და ამაზე პასუხი არ მაქვს.” – ამბობს შვედი პროფესორი ორლა ვიგსო.

ამ წუთის მონაცემებით შვედეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 4028 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 146 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები