LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიული სტანდარტი ქვემო ქართლში – დმანისში აგრარული კოლეჯი იხსნება

113
70777332-2530745786982376-2156838494792581120-n

დმანისში, სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული აგრარული პროფესიული სასწავლებელი „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

სამინისტროს ცნობით, შვეიცარიული სტანდარტის კოლეჯი სპეციალისტებს მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით მოამზადებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რისთვისაც კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტის ყველის ქარხანა.

„პროფესიული სასწავლებლების განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ყველაზე თვალშისაცემი დეფიციტი მესაქონლეობა-მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის მიმართულებით გვაქვს. კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული კადრების მომზადება დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალი კოლეჯის პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე ძველი აგრარული სასწავლებელი „პლანტაჰოფი“, რომელსაც 200 წლიანი გამოცდილება აქვს. კოლეჯი არამხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სასწავლებელი იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მეცხრამეტე საუკუნეში, ქვემო ქართლში ყველის 33 შვეიცარიული საწარმო, ასევე შვეიცარიული სკოლა ფუნქციონირებდა. როგორც ახალი კოლეჯის დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ ისტორიის გათვალისწინებით და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარი პარტნიორი შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფია“. სკოლა „პლანტაჰოფი“ უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით და შვეიცარიული ფონდის Swiss South Caucasus Foundation (SSFC) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში საქმიანობს. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩო და შვეიცარიის განვითარების ფონდი. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები