LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედი ექსპერტი: კორონავირუსთან ბრძოლის ჩვენი ტაქტიკა არასწორი იყო

210
https---d1e00ek4ebabms.cloudfront.net-production-64888b97-3b63-47a2-8584-1f4d48703aac

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის და ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის ავტორის, ანდერს ტეგნელის განცხადებით, შვედეთს სხვა სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში კორონავირუსთან უკეთ გამკლავება შეეძლო. ტეგნელმა აღიარა, რომ განსხვავებული გზით წასვლის შემთხვევაში ქვეყანა ამდენი ადამიანის დაღუპვას თავიდან აიცილებდა.

,,ვირუსის შესახებ თავიდანვე იმდენი რომ გვცოდნოდა, რამდენიც ახლა ვიცით, ვფიქრობ, მეტ შეზღუდვას დავაწესებდით. შესაძლოა ეს მკაცრი შეზღუდვები არ ყოფილიყო, მაგრამ მგონია, რომ ვიქნებოდით სადღაც შუაში შვედეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიერ გატარებულ ზომებს შორის”, – განაცხადა ტეგნელმა Sveriges Radio-სთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ანდერს ტეგნელი თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა სხვა ქვეყნებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს და ამტკიცებდა, რომ შვედეთის გზა მართებული იყო. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მთავრობა სპეციალურ კომისიას ქმნის, რომელიც გამოიძიებს შვედეთის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას კორონავირუსთან ბრძოლაში და დაადგენს,რამდენად მართებული მიდგომა ჰქონდა ქვეყანას პანდემიის მიმართ.

შვედური საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ადრე სრულიად ენდობოდა მთავრობის გადაწყვეტილბებებს, გარკვეულწილად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მეზობლებმა, ნორვეგიამ და დანიამ ერთმანეთს საზღვრები გაუხსნეს, თუმცა შვედეთთან ორივეს საზღვარი დაკეტილი რჩება.

,,ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ არის გვიანი და შევძლებთ სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლას” – განაცხადა ტეგნელმა და დასძინა, რომ პანდემიის დასაწყისში არავინ იცოდა, რომელი მიდგომა იმუშავებდა უკეთესად.

შვედეთში პანდემიის მიუხედავად არ დახურულა 16 წლამდელთა სკოლები, კაფე-რესტორნები და მაღაზიები. ქვეყნის მოქალაქეებს სოციალური დისტანცირების და შესაძლებელ შემთხვევებში სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია მიეცათ.

თუმცა, მსუბუქი შეზღუდვების ფონზე შვედეთი განსაკუთრებულად მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა მოხუცებულთა სახლებში. მეზობელ ქვეყნებს შვედეთთან საზღვრები ჩაკეტილი აქვთ, მასობრივი ტესტირება კი ჯერაც არ ხდება. სწორედ ეს სამი რამ აწუხებს საზოგადოებას ყველაზე მეტად.

მთავრობის გადაწყვეტილებებს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ღიად აკრიტიკებს მედიაც, თუმცა ტეგნელი იმედს გამოთქვამს, რომ ჯერ ძალიან გვიანი არ არის და შესაბამისი ზომების გატარებით ვითარების გაუმჯობესება შესაძლებელია.

შვედეთში ახალი კორონავირუსით 4562 ადამიანი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში: დანიასა და ნორვეგიაში 580 და 237 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დანიასა და ნორვეგიაში თითქმის ორჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე შვედეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები