შსს თანამშრომელს, რომელმაც აღდგომის ღამეს უმისამართო გასროლით მეზობელი კორპუსის მცხოვრები ქალი მოკლა, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა. პროკურატურამ სავარაუდო მკვლელს ბრალი არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“თბილისის პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება  განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს,  ს.გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ.  გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში,  თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს.გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში  მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრმა ტყვიით ქალის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელი დააკავეს

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის  შემთხვევის ადგილის დათვალიერება,  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც  ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ  სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა და მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის განხორციელების მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ს ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია  კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05