შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის – სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.

პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი დააკავა, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

„სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობის, დაახლოებით 368 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 75 000000 ლარს შეადგენს.

გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები