LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შსს-მ ჩოჩელისგან 6 მილიონი ლარის ტკბილეული შეიძინა, თანამშრომლები დიაბეტზე სასწრაფოდ შესამოწმებელია” – შალვა ნათელაშვილი

184
BeFunky-collage (8)

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში ოლიგარქიამ რევანში აიღო. შალვა ნათელაშვილი მაგალითისთვის ცეზარ ჩოჩელისა და ირაკლი ოქრიაშვილის მიერ ახალი პარტიის დაფუძვნებას ასახელებს.

როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიზნესმენმა ჩოჩელმა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში რკინიგზის ფონდიდან 26 მილიონი დოლარი მიითვისა.

“გვეშველება მაშინ, როდესაც უკანასკნელი მილიონერიც კი დატოვებს ქართულ პოლიტიკას, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი დაუბრუნდება მის შემქმნელს – ქართველ ხალხს. ოლიგარქიამ გადაწყვიტა რევანში და აგერ გუშინ ვგებულობთ, რომ ცნობილ ყაჩაღს, ცეზარ ჩოჩელს ცნობილ მილიარდელ ირაკლი ოქრიაშვილთან ერთად დაურეგისტრირებია ახალი პარტია. არც ერთი საქართველოს მოქალაქის ხმა არ გაიყიდება 30 ვერცხლად. ჩოჩელმა ნაცმოძრაობის დროს რკინიგზიდან 26 მილიონი დოლარი მიითვისა, რის გამოც პასუხისგებაშიც მისცეს, მაგრამ მერე ერთგული მონობის პირობით, ისევ გაუშვეს. მის სარგებლობაში მყოფმა კომპანიებმა დედაქალაქში სხვადასხვა ტენდერებში 8 მილიონი აიღეს” – აცხადებს ნათელაშვილი.

პარტიის ლიდერის განცხადებით, ცეზარ ჩოჩელს საქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 570 000 ლარი, რათა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის კანფეტი დაერიგებინა, თუმცა ნათელაშვილის განმარტებით, დევნილ ბავშვებს ტკბილეული არ მიუღიათ.

“ყველაზე მეტ განცვიფრებას გამოიწვევს ის, რასაც ახლა ვიტყვი. ცეზარ ჩოჩელის კომპანიას ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 570 000 ლარი, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის კამფეტების დასარიგებლად. მაინტერესებს რომელმა ბავშვმა მიიღო ეს კანფეტი. რა თქმა უნდა,  ფულის გათეთრებაა და მეორე, დევნილ ბავშვებს არ ეკუთვნოდათ კანფეტი მაინც?! სამშობლო წაართვეს, მიწა წაართვეს, ეს მაინც მიეცათ.

და კიდევ, ამ დღეებში შს სამინისტრომ ჩოჩელისგან კარამელის შესყიდვაში მილიონ 91 000 ლარი გადაიხადა. სულ 6 მილიონის ოდენობის ტკბილეული აქვს შესყიდეული. შსს თანამშრომლები სასწრაფოდ შესამოწმებელია დიაბეტზე” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ხსნა ქართველების ხელშია და მოქალაქეებს მოუწოდებს წინასაარჩევნოდ შეთავაზებულ ცდუნებაზე უარი თქვან.

“მთავარია არ გავიყიდოთ 30 ვერცხლზე, არც ხახვზე, არც კარტოფილსა და ოხრახუშზე. ხსნა ჩვენს ხელშია. საქართველოში არასოდეს არ დაბრუნდება ოლიგარქია, ამის გარანტი მე ვიქნები” – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები