LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი არ არის – ახალი დარგი მედიცინაში, რომელიც ადამიანებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარება

688
1492724-197678797090184-9474261-o

“ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს” – ამ მოსაზრების გამყარებას ემსახურება საქართველოში ახალი დარგი – ოკუპაციური თერაპია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი საშუალება სრულყოფილად გამოიყენოს საკუთარი უნარ-ჩვევები უსაფრთხო და ხელშემწყობ გარემოში – ეს მოსაზრებაა იმ დარგის მთავარი ხედვა, რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა არ იცის. ოკუპაციური თერაპევტები ძირითადად ფიზიკურად, გონებრივად და სოციალურად შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებთან მუშაობენ და ყველანაირად ცდილობენ ამ ადამიანებს საკუთარი რესურსების გამოყენებით დამოუკიდებლობის მაქსიმალური დონის მიღწევაში დაეხმარონ. თერაპია ადამიანს ეხმარება აღადგინოს, განავითაროს და შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ მედიცინის ამოცანა დაავადების მკურნალობაა, ოკუპაციური თერაპიის ამოცანა იმ შეზღუდული შესაძლებლობების შემცირებაა, რომელიც დაავადებისაგან მომდინარეობს.

 

მიმართულების სპეციფიკაში უკეთ გარკვევისთვის ოკუპაციურ თერაპიის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორს და ამავე პროგრამის ლექტორს ნინო რუხაძეს ვესაუბრეთ:

“საქართველოში ოკუპაციური თერაპიის გაცნობა პირველად 2001 წელს პროექტის სახით დაიწყო, 2006 წელს კი უკვე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დაინერგა, როგორც სასწავლო პროგრამა. ოკუპაციური თერაპია იმ ადამიანებთან მუშაობას გულისხმობს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი თავის რეალიზებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვთ. მაგალითად, შეიძლება ეს ქუჩაში მცხოვრები ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები იყვნენ, თუმცა ყველაზე ხშირად ოკუპაციური თერაპევტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან მუშაობენ. როდესაც ადამიანს ისეთი ცხოვრების რიტმი აქვს, რომლითაც არ არის კმაყოფილი და შეცვლა სურს ოკუპაციური თერაპევტი მას იმ მიზნების მიღწევაში ეხმარება, რაც სჭირდება და სურს რომ აკეთოს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს დასაქმება ან ყოფითი პრობლემების მოგვარება საკუთარი თავის უკეთ რეალიზებისათვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისთვის, თუნდაც დამოუკიდებლად ჩაცმის უნარის გამომუშავება და ა.შ. საქართველოში უფრო მეტად ბავშვებთან გვიწევს მუშაობა, რადგან აქ ძირითადად ბავშვთა პროგრამები ფინანსდება. მსოფლიოს მასშტაბით ოკუპაციური თერაპევტები თანაბრად მუშაობენ ყველა ასაკის და სირთულის მქონე ადამიანებთან. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ბავშვებთან მუშაობის პროცესში გადამწყვეტი არის თამაში, როდესაც თერაპიის დროს ოკუპაციურ თერაპევტს და ბავშვს შეხედავთ იფიქრებთ რომ თამაშობენ. ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია, ამ თამაშში კი შეგვაქვს გარემოსთან ადაპტაციის ელემენტები, რათა უფრო ეფექტურად შეიმეცნოს სამყარო, საკუთარი თავი, უფრო მეტად გახდეს დამოუკიდებელი, მეტად შეძლოს სხვებთან ურთიერთობა. მეთოდები ბევრნაირია. თერაპია იმ ადგილას ტარდება სადაც ადამიანებს ექმნებათ სხვდასხვა სირთულეები, იქნება ეს საბავშო ბაღი, სკოლა, სახლი, დღის ცენტრი თუ რეაბილიტაციის ცენტრი. თერაპიის ჩატარება იმ ბუნებრივ გარემოში სადაც გარკვეული შედეგი უნდა დაიდოს უფრო ეფექტიანია. ჩვენი დანიშნულება სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობა არ არის, ჩვენ არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში ვეხმარებით ბავშვს. ვეხმარებით იმაში, რომ გარემომ ხელი შეუწყოს, რომ განვითარდეს მაქსიმალურად და ამისთვის ვცდილობთ ჩავაბათ სხვადახვა საქმიანობაში, რომ ჭამოს თვითონ, ჩაიცვას თვითონ და ა.შ. თერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდიუალურია. ძირითადად კურსი 10 დღიანია, თუმცა ზოგიერთისთვის შესაძლოა ერთი კონსულტაცია იყოს საკმარისი, სხვისთვის კი წლების განმავლობაში იყოს საჭირო დახმარება“.

მნიშვნელოვანია, რომ თერაპია ყოველდღიურ აქტივობებს იყენებს, რათა ადამიანს დამოუკიდებლობის მიღწევასა და ჯანმრთელობის დონის აღდგენაში დაეხმაროს. საშუალებას აძლევს ადამიანს, ისწავლოს და მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური, სოციალური და ფუნქციონალური პოტენციალი. ფიზიკურად შეზღუდული უნარების მქონე ადამიანისათვის კი უმნიშვნელოვანესია თვითონ შეეძლოს ისეთი ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, როგორიცაა ჩაცმა, დავარცხნა, დაბანა, ჭამა. ამ ჩვევების დახვეწის შემდეგ თერაპიული პროგრამა პიროვნების საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულების უნარებზე მუშაობას იწყებს, როგორიცაა სწავლა, ოჯახის და სახლის მოვლა, სამუშაოს მოძებნა და დასაქმება. ფსიქიკური და ემოციური პრობლემების მკურნალობის დროს კი თერაპიული პროგრამა ხშირად მოიცავს დროის სწორად დაგეგმვაში მონაწილეობას, პროდუქტულ მუშაობას სხვებთან ერთად, თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების სწავლას და ა.შ. ოკუპაციური თერაპევტი ეძებს გონებრივად, ფიზიკურად უნარშეზღუდული თუ სოციალურად არაადაპტირებული პირებისათვის აქტივობებში ჩაბმის გზებს. მისი მთავარი მიზანი სამი ელემენტის – პიროვნების, გარემოსა და ოკუპაციის (საქმიანობის) – ურთიერთმორგებაა. უნდა მოხდეს გარემოს მორგება პიროვნებასა და მისი საქმიანობისათვის. ოკუპაციური თერაპიის პროცესი ეფექტური მხოლოდ ამ სამივე ელემენტის მორგების შემთხვევაში იქნება.

ნინო ქელეხსაევი ოკუპაციურ თერაპევტად უკვე 7 წელია მუშაობს, მან საკუთარი გამოცდილება “ფორტუნას” გაუზიარა:

“ოკუპაციური თერაპევტები ძირითადად შშმ პირებთან ვმუშაობთ და ჩვენი მთავარი მიზანი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობაა ოკუპაციის (საქმიანობის) გზით. თერაპიით პიროვნებას ვეხმარებით მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს და დამოუკიდებლობას ცხოვრების ყველა სფეროში. პროცესში ვიყენებთ კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომას, რაც ადამიანის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს თერაპიის პროცესში. თერაპიით ვეეხმარებით ადამიანს აღადგინოს, განავითაროს და შეიძინოს ის უნარები რომელიც მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის, ვეხმარებით შეძლოს დამოუკიდებლად ჩაცმა/გახდა, კვება, დაბანა და ა.შ. როდესაც ეს საბაზისო ჩვევები დაიხვეწება, იწყება მუშაობა სოციალურ უნარებზე – მაგ., სწავლა, და დასაქმება, დროის სწორად დაგეგმვაში მონაწილეობა, პროდუქტიული მუშაობა სხვებთან ერთად, თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების სწავლა და ა.შ. აღნიშნულში ვიყენებთ როგორც დასწავლის მეთოდს, ისე გარემოს ადაპტირებას, რაშიც მოიაზრება როგორც აქტივობის მორგება პიროვნებაზე, ასევე ფიზიკური გარემოს მორგება და ფუნქციონირებისათვის დამხმარე საშუალებების შერჩევა. სამუშაო მიზნის განსაზღვრა პიროვნების უნარების, გარემო ფაქტორების, საქმიანობის (ოკუპაციის) სპეციფიკის და ადამიანის სურვილის გათვალისწინებით ხდება. ოკუპაციური თერაპევტების დასაქმების არეალი მრავალფეროვანია, მოიცავს პედიატრიას, ნევროლოგიას, ფსიქიატრიას და შესაბამის პროფილის დაწესებულებებს: რეაბილიტაციის ცენტრები, სკოლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად განვითარებულია და ასევე მაღალია მოთხოვნა პედიატრიის მიმართულებით. საქართველოში დღეს დაახლოებით 30-40-მდე დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტია.“

 

ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ ხანდაზმულებთან, შეზღუდული მხედველობის ან დემენციის მქონე ადამიანებთან, მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებთან, ნაადრევად დაბადებულ ბავშვებთან, რომელთაც ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან, ფიზიკური ან გონებრივი უნარშეზღუდულობის მქონე სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებთან, ინსულტგადატანილ ადამიანებთან, შეზღუდული მხედველობის ან დემენციის მქონე ადამიანებთან, პოსტტრავმულ პერიოდში მყოფ ადამიანებთან. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ოკუპაციური თერაპია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებადი სარეაბილიტაციო პროფესიაა. ამ მიმართულების მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ადამიანი უნიკალურია და მას გააჩნია შესაძლებლობები, იყოს მოტივირებული, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

 

ნატა კალანდაძე