LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შესაძლოა უკვე ნოემბრისთვის, როდესაც აცივდება, იყოს მეორე ტალღა, თუმცა ის იქნება უფრო სუსტი” – ალექსანდრე გოგინავა გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

3704
aleqsandre-gegenava-doctor

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,სტუმრად ექიმთან” ონლაინ სტუმარია ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. კორონავირუსის სიმპტომები, მკურნალობა და მომავლის პროგნოზი – ამ თემაზე ინფექციონისტმა რადიო ეთერში ისაუბრა.

– ბატონო ალექსანდრე,პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ დროს გვითმობთ. ბოლო დროს მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდინფექციამ გარკვეულწილად სახე იცვალა. თქვენ, როგორც ადამიანს, რომელიც 24/7-ზე მუშაობს კოვიდპაციენტებთან, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ? მინდა გკითხოთ ახალ სიმპტომებზე. არის თუ არა გამოკვეთილად სახეშევლილი კოვიდინფექცია მას შემდეგ, რაც პირველი პაციენტები შემოვიდნენ თქვენს კლინიკაში? პირველი შემთხვევაც ხომ სწორედ თქვენთან შემოვიდა.

დიახ, თქვენ მართალი ხართ, ჩვენს კლინიკაში შემოვიდა პირველი დადასტურებული კოვიდპაციენტი და ორ თვეზე მეტია ჩვენ სხვადასხვა სიმძიმის 100-ზე მეტი პაციენტი გვყვავდა. რაც შეეხება სიმპტომებს, დასაწყისში რასაკვირველია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოლფიოსთვის ახალი იყო ინფექცია და მწირი იყო ინფორმაცია, თუმცა რაც დრო გავიდა უკეთ მოვახერხეთ მისი შესწავლა და მინდა აღვნიშნო ამ დაავადების ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც მას განასხვავებს სხვა სახის რესპირაციული დაავადებებისაგან, მაგალითად გრიპისგან – ეს არის საწყის ეტაპზე მისი დუნე მიმდინარეობა. შეიძლება პირველ დღეებში არ იყოს მწვავე მიმდინარეობის, მაგრამ 6-7 დღის მერე დაიწყოს დამძიმება. ყველაზე ხშირი გართულება ამ დაავადების არის პნევმონია, ეს ადრეც ასე იყო და ახლაც ასე რჩება. ბუნებრივია პნევმონია განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისათვის. თუმცა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შედარებით ახალგაზრდებშიც შეიძლება მძიმედ წავიდეს დაავადება და ცუდად დასრულდეს, მაგრამ რასაკვირველია პროცენტულად ამის შანსი დაბალია. რაც შეეხება სიმპტომებს, ამით Covid-19 ძალიან ჰგავს სხვა რესპირაციულ დაავადებებს, ახასიათებს მშრალი ხველა, გემოს და ყნოსვის დაკარგვა,რაც საკმაოდ პათოგნომური ნიშანია ამ დაავადების, ის აღენიშნება პაციენტების დაახლოებით 1/3- 1/4-ს. ახასიათებს კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით წელის და ზურგის კუნთების ტკივილი. ახასიათებს სუნთქვის გაძნელებაც, რაც მიუთითებს დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობაზე და ამიტომ, როგორც კი ადამიანებს ეს სიმპტომი გაუჩნდებათ, აუცელებლია დროული რეაგირება. სხვა მხრივ, ახალი კორონავირუსი ჯერ მხოლოდ რამოდენიმე თვის ინფექციაა და ბევრი აღმოჩენაა წინ, შეიძლება მომავალში კიდევ სხვა სიმპტომები გამოვლინდეს, რაც ახლავს ამ დაავადებას, თუმცა ახლა რაც ჩამოვთვალე, მეტ-ნაკლებად ეს არის დამახასიათებელი სიმპტომები.

– თქვენ ახსენეთ სიმპტომები და მინდა გკითხოთ მკურნალობის მეთოდებზე. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში ახალ კორონავირუსს მკურნალობენ სიმპტომურად და ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალური მედიკამენტით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მათ შორის ჩვენთანაც. საინტერესოა, ემორჩილება თუ არა ესა თუ ის სიმპტომი სპეციალურად მისთვის განკუთვნილ პრეპარატს, თუ ეს იმ სახის ხველა, ცხელება ან ბაქტერიული ინფექციაა, რასაც ჩვეულებრივ ხველის, ცხელების ან ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები ვერ შველის და შესაბამისად, არის თუ არა რაიმე შეფერხება ამ მხრივ?

რა თქმა უნდა ზოგადად ეს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული, ხანდახან ვირუსი სიმპტომურ საშუალებებს კარგად არ ემორჩილება, ხანდახან საჭიროებს ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, ანუ ანტიბიოტიკებს. როგორც ვიცით, კორონავირუსი ვირუსია და მას ანტიბიოტიკი არ სჭირდება, თუმცა თუ მის მიერ გამოწვეული გართულების გამო განვითარდა ბაქტერიული პნევმონია ან ბაქტერიული სეფსისი, შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია. გარდა ამისა არის სპეციალური პრეპარატები, მაგალითად ეს არის ტოცილიზუბამი, ინტერლეიკინი 6-ის რეცეპტორის ბლოკატორი, რომელიც მძიმე შემთხვევევბში გამოიყენება, ე.წ. “ციტოკინური შტორმის” დროს, ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც საჭირო გახდა, გამოვიყენეთ ეს პრეპარატი და ძალიან კარგი შედეგი გვქონდა. ზოგადად კორონავირუსის მართვას და მკურნალობას სჭირდება ძალიან კომპლექსური მიდგომა, ხშირად არის ჰემატოლოგიური, კოაგულაციური ან კარდიოლოგიური გართულებები, ამიტომ საჭიროა შესაბამისი სპეციალისტის ჩართვა.შესაბამისად, კორონავირუსის მართვა და მკურნალობა ხდება გუნდურად.

– რა შეგიძლიათ თქვათ დამაიმედებელ პროგნოზებთან დაკავშირებით? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ვირუსი უკან იხევს და ეს რეალობა გამყარებულია რიცხვებით, რომლებიც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მატების პარალელურად ახალი შემთხვევების კლებას გვიჩვენებენ, კეთდება სხვადასხვა სახის განცხადებები. მაგალითად, ბატონმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ იქამდე, სანამ იქნება ვაქცინა ან კონკრეტულად კოვიდინფექციის წინააღდმეგ მიმართული პრეპარატი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. რა პროგნოზს გააკეთებთ თქვენ? მიგაჩნიათ თუ არა რომ ზაფხულში ან შემოდგომაზე მეორე ტალღა იქნება თუ არ იქნება მედიკამენტი?

მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზების გაკეთება ზოგადად რთულია, თან მე კლინიცისტი ვარ და არა ეპიდემიოლოგი, რასაკვირველია შემიძლია გითხრათ ჩემი მოსაზრება. არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება და თუ მომავალი ერთი კვირა კიდევ ასე გაგრძელდა, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ვირუსმა უკან დაიხია და ეს ტალღა მიდის დასრულებისკენ. ჩემი აზრით, ზაფხულის პერიოდი შედარებით მსუბუქი იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ მოიხსნას ყველა შეზღუდვა. უნდა გაგრძელდეს დისტანცირება, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეებში, ჰიგიენის დაცვა. შესაძლოა უკვე ნოემბრისთვის, როდესაც აცივდება იყოს მეორე ტალღა, თუმცა ის იქნება უფრო სუსტი რამოდენიმე მიზეზის გამო. როდესაც დეკემბერში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მსოფლიო არ იყო ამისთვის მზად, რადგან ეს იყო აბსოლუტურად ახალი ინფექცია, არ არსებობდა კარგი ტესტ-სისტემები, არ გვქონდა გამოცდილება. ახლა კი თუ ვირუსის მეორე ტალღა ნოემბერში დაიწყება, მსოფლიო ამას ბევრად მომზადებული შეხვდება. ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ცოდნა ამ ვირუსზე, გვპაქვს მისი მართვის გამოცდილება როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე კლინიკური კუთხით. ასევე შესაძლოა 6-7 თვეში გვქონდეს ეფექტური ვაქცინა ან ანტივირუსული პრეპარატი, ამიტომ ჩემი აზრით, მეორე ტალღა თუ იქნება, შეიძლება იყოს შემოდგომაზე და ის იქნება უფრო მსუბუქი. შესაბამისად, მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, ზაფხულში ბოლომდე ყურადღების მოდუნება არ შეიძლება იმის მიუხედავად, რომ იქნება ნაკლები შემთხვევები, ხოლო შემოდგომაზე, თუ მეორე ტალღა იქნება, მას ბევრად უკეთ მომზადებულები შევხვდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები