LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ იმღერებ, მე ვიცეკვებ და სოფელიც აშენდება… – პარტიული სიების შედგენის ქართული მეთოდი

309
7777

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომრად მომღერალ ბუბა კიკაბიძის დასახელებას სოციალურ ქსელში ბევრი ირონია და ნეგატივი მოჰყვა. ბევრს გაახსენდა, რომ სწორედ მისი ინიციატივით მოხდა,  გეგა კობახიძის დახვრეტის მოთხოვნის პარლამენტიდან გაწვევა.

ბევრმა თქვა, რომ პარტიულ სიებში ნანი ბრეგვაძე დააკლდათ. ზოგმა კი გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ სიის პირველ ნომრად ლექსსენის ნახვას ელოდნენ.

სიაში იმდენი მომღერლები და სპორტსმენები არიან, ძნელია არჩევანი, ვიცინოთ თუ ვიტიროთ.

საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ დღევანდელ რეალობაში ორივე მოსულა.

გაამართლებს კი მომღერლების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა, მაშინ როცა მათ პოლიტიკურ საქმიანობაში არანაირი გამოცდილება არ აქვთ?

ეუფ, ასამდე ავიდნენ... არის თუ არა მიღწევა საპარლამენტო რესპუბლიკა და უნდა იყვნენ თუ არა სიებში ცნობადი სახეები

"ხელისუფლების მხრიდან გვექნება სამართლიანი, ოპოზიციის მხრიდან უსამართლო არჩევნები".

 

„ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტები აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არ არის და როცა ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც რონალდ რეიგანზე, არნოლდ შვარცნეგერზე, ისინი გადასაღები მოედნიდან არ წასულან პოლიტიკაში და მათ რამდენიმეწლიანი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეობის გამოცდილება ჰქონდათ. 

„ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ მომღერლებისა და სპორტსმენების პარლამენტში ყოფნა მხოლოდ ბუტაფორია და საკუთარი ძალაუფლების გამყარებაა.

“სამწუხაროდ საქართველოში ვერ დამკვიდრდა ტრადიცია, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსები უნდა მოდიოდნენ, რომლებიც ამ მიმართულებით სერიოზულად არიან დაკავებულები და დეპუტატობა არის მათი კარიერის პიკი.  ეს არის საბჭოური სინდრომი, როდესაც იგივე კომპარტიის ბატონობის პერიოდში უმაღლეს საბჭოში შეყავდათ სოციალისტური შრომის გმირები – მომღერლები და სპორტსმენები. იგივე სტანდარტით ვმოქმედებთ დღეს.

ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდა და ამ მანკიერი სისტემიდან ვერ გამოვედით. ლიდერებისა და რეალური ძალაუფლების მფლობელებისთვის ამოცანა არ არის მომღერლების მოზიდვა პოლიტიკაში. მათი ამოცანაა, ისეთი ადამიანების მოზიდვა, რომლებიც საჭირო მომენტში მათი გადაწყვეტილებებს გააფორმებენ.

რატომ გააკეთეს „ნაციონალებმა“ ასეთი მოულოდნელი არჩევანი, სიის პირველი ნომერი რატომ ჩააბარეს მომღერალს?  

 

 

რატომ ბუბა კიკაბიძე? გასაგები მიზეზების გამო. მიხეილ სააკაშვილი სიაში ვერ იქნებოდა, ამ დროს ის არის ამ პარტიის უპირობო ლიდერი. შესაბამისას პირველ ნომრად რომელიმე პოლიტიკოსის დასახელება დაბნეულობას შეიტანდა მის აბსოლუტიზმში. პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო ისეთი პიროვნება, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და არც შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური წონა გაინაწილოს.

შესაბამისად, მოძებნეს მაქსიმალურად ნეიტრალური ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უპირობო ლიდერობასთან ეჭვქვეშ ვერანაირად ვერ დააყენებს.

ცისანა სეფიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ზურაბ ხაჩიძე, ბუბა კიკაბიძე, დავით კაჭარავა, ვიქტორ სანიკიძე, როგორ ფიქრობთ, რომელი მომღერალი ან რომელი სპორტსმენი მიიტანს ხალხის ხმას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში?

 

 

პოლიტიკაში უნდა იყვნენ პროფესიონალი პოლიტიკოსები. მომღერლები და მოცეკვავეები ხალხის ხმას ვერსად ვერ მიიტანენ. მათ არანაირი ხმა არ ექნებათ რეალურად. ისინი დირექტივებს შეასრულებენ, რას დააჭირონ ხელი და ესეც ერევათ ხოლმე. ჩვენს პარლამენტში ეს ნანახი გვაქვს. ეტყვიან, რომ მწვანე ღილაკს დააჭირონ ხელი და აჭერენ წითელს. 4 წელი ამასაც კი ვერ სწავლობენ, რომელ „კნოპკას“ დააჭირონ საჭირო მომენტში ხელი, არათუ საკანონმდებლო საკითხები აწარმოონ.

როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში წასვლით მომღერლებმა, მათ შორის ბუბა კიკაბიძემაც საკუთარი კარიერა დაასამარეს?

ბუბა კიკაბიძის კარიერაზე ლაპარაკი არასერიოზულია. ის უკვე ისეთ ასაკშია, როდესაც კარიერაზე აღარ ფიქრობენ.

ბევრს მის შესახებ ყველაფერი ცუდი გაახსენდა. გაუხსენეს გეგა კობახიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება …

ჩვენ საქართველოში ვართ. ჩვენთვის კი დამახასიათებელია ადამიანის მიწაში ჩადება, თუ პოლიტიკურად მისგან რაიმე არ მოგვეწონა. ეს სამწუხარო რეალობაა.

პარტიებმა სწორი არჩევანი გააკეთეს მომღერლებისა და სპორტსმენების სიაში შეყვანით?

ესაა ჩვენი პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ მათ ქვეყნისთვის რაიმე გააკეთონ. მათ ვიღაცის ძალაუფლება უნდა უზრუნველყონ. მეტი ფუნქცია ამ ადამიანებს არ აქვთ.

პოლიტიკაში სიებს უნდა ადგენდნენ ოთხი ძირითადი ინდიკატორით. ეს არის ცნობადობა, სამოქალაქო აქტივობა, პოლიტიკური ბიოგრაფია და დარგობრივი კომპეტენცია.

არჩევნების წინ ერთ დღეში პოლიტიკოსი გახდა, ასე არ ხდება. სანამ დეპუტატობაზე ექნებათ პრეტენზია ელემენტარულად კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს წაკითხული.

 

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბუბა კიკაბიძის სიაში პირველი ნომრად ჩასმა, ნიშნავს, რომ სააკაშვილმა თავისთვის ადგილი შეინახა.

„საარჩევნო სიაში ისეთი ადამიანების მოხვედრა, რომლებიც პოლიტიკით დიდად არ იყვნენ დაინტერესებული და სხვა პროფესიით იყვნენ დაკავებული ახალი არაა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ყველა ეპოქაში პარლამენტში ყოველთვის იყვნენ წარმომადგენლები, რომლებსაც პოლიტიკასთან მაინცდამაინც მჭიდრო შეხება არ ჰქონიათ.

მეტიც, მე ის პერიოდიც მახსოვს, როდესაც პარლამენტის წევრი გამოდიოდა და თავის გამოსვლას იწყებდა ფრაზით, რომ პოლიტიკოსი არ ვარ მაგრამ…  90-იანი წლების პარლამენტში ასეთები ბევრნი იყვნენ. ზოგი რეჟისორი იყო, ზოგი მწერალი.

იმას არ ვამბობ, რომ სხვა პროფესიის ადამიანს არ შეუძლია პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ როდესაც, რაღაც კარიარას ამთავრებ და მეორე დღეს პოლიტიკოსი და თანაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი უნდა იყო, მიმაჩნია, რომ ეს არ არის გამართლებული.

გარკვეული გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, თუნდაც საზოგადოებრივი მოღვაწეობის  და მერე უნდა გახდეს დეპუტატი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არის ბუტაფორია.

90-იან წლებში ასეთ კატეგორიებს „ლამაზებს“ უწოდებდნენ. ასეთი ტერმინი იყო, სია რომ „გაალამაზონ პარტიაში იმიტომ შეიყვანესო“.

ან მაშინ რამდენად ალამაზებდნენ ისინი პარტიულ სიას, ან ახლა რამდენად ალამაზებენ, ნამნდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ  სამწუხარო რეალობაა და კარგი იქნება, თუ ეს რეალობა შეიცვლება.

 

პრობლემა არ იქნებოდა, რომ ბუბა კიკაბიძე მესამე ან თუნდაც მეორე ყოფილიყო სიაში, მაგრამ არა პირველი ნომერი. ბუბა კიკაბიძე შეიძლება ძალიან სწორ გადაწყვეტილებას ღებულობდა რუსეთთან მიმართებაში,  პირადად ჩემთვის რბილად რომ ვთქვა, ეს არ იყო მიუღებელი პოზიცია. მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ როდესაც ის არის პარტიული სიის პირველი ნომერი, არასერიოზულად  მიმაჩნია და ვერაფრით ვხვდები ლოგიკას.

ყოფილიყო მეორე ან მესამე ნომერი. პირველი ნომერი, რომელიც პარტიის იდეოლოგიას განსაზღვრავს, უნდა იყოს ორიენტირი იმ ადამიანებისთვის, ვინც არჩევანი უნდა გააკეთოს და პოლიტიკურ არჩევანზეა ლაპარაკი.

რადგან ბუბა პოლიტიკოსი არ არის, პირველი ადგილი სააკაშვილმა დატოვა ცარიელი, ანუ თავისთვის. ასეთი ქვეტექსტი შეიძლება მოყვებოდეს ამ პირველნომრობას. ეს გადაწყვეტილება ზოგადად არასერიოზული დამოკიდებულებაა იმ ამომრჩევლის მიმართ, ვისი იმედიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ფაქტია, მომავალი პარლამენტი „ფერადი“ იქნება. რამდენიმე იმღერებს, ელისო ბოლქვაძე დაუკრავს…

მთავარი კი ალბათ ისაა, ქვეყნის საქმეს ვინ გააკეთებს.

ალბათ თქვენც გახსენდებათ ქართული მულტფილმი – „მე ვიმღერებ, შენ იცეკვებ და სოფელიც აშენდება“…

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები