გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც, რასაც გადაწყვეტს ჩვენი საზოგადოება, რასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „მმართველმა გუნდმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა საარჩევნო მოდელი“. მისივე თქმით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც ნულოვანი ბარიერია, მთავრობის დაკომპლექტება გამარჯვებულმა პარტიამ შესაძლოა, კოალიციური გაერთიანების გარეშეც მოახერხოს.

კითხვაზე, ვისთან შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია ჩამოაყალიბოს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

„წელს უკვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გულწრფელი მოთხოვნის შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით და ეს არჩევნები 2024 წლიდან გადმოვიტანეთ 2020 წელს. შესაბამისად, პროპორციული მოდელი, ნულოვანი ბარიერით გულისხმობს იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია მიიღებს შესაბამის უმრავლესობის მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა, საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნინი ჩუბინიძე
ავტორი

მსგავსი თემები