LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიყვანონ შშმ პირები ვაქცინის მიმღებთა პრიორიტეტულ ჯგუფში: შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსი

79
ვაქცინა

”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პანდემიაზე რეაგირების ღონისძიებების გატარებისას გარიყულობის, დისკრიმინაციისა და უყურადღებობის მსხვერპლნი ხდებიან. არ გვსურს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს”. შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსი განცხადებას ავრცელებს.

”ჩვენ, შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსი, რომელიც წარმოვადგენთ მსოფლიოში მილიარდზე მეტი შშმ პირის ინტერესებს, მოვუწოდებთ პოლიტიკისა და ჯანდაცვის პროგრამების შემმუშავებლებს ყველა რეგიონსა და ქვეყანაში შეიყვანონ შშმ პირები და მათ მიერ შერჩეული მხარდაჭერის ქსელის წევრები ვაქცინის მიმღებთა პრიორიტეტულ ჯგუფში: უზრუნველყონ, რომ ყველა შშმ პირმა მიიღოს საჭირო ინფორმაცია მისაწვდომი და გასაგები ფორმით და ინფორმირებული თანხმობის შემდეგ, წვდომა ვაქცინაზე ჰქონდეს.

ვურჩევთ გაეროს, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც, გასცენ გასაგები და მკაცრი რეკომენდაციები ამ კუთხით და მიიღონ საჭირო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთავრობებმა შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები”. – აღნიშნულია, განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, შშმ პირები, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებში მოწყვლად თემად ითვლებიან.

შშმ პირები, კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე დგანან

შშმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალურ დეტერმინანტებში არსებული უთანასწორობისა და მხარდაჭერის სერვისის მიმწოდებლებთან კონტაქტიდან გამომდინარე, კოვიდ-19-ით დაინფიცირების რისკი მათთვის გაცილებით მაღალია.

ბევრი შშმ პირი, ფიზიკური დისტანციის დაცვას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ყოველდღიური აქტივობების შესასრულებლად პერსონალური ასისტენტი ან გიდი სჭირდება.

ფსიქო-სოციალური საჭიროებების, ინტელექტუალური შეზღუდვებისა თუ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისთვის შეუძლებელია ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება, პირბადის ხშირი ტარება და სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ შშმ პირებში, რომლებიც საერთო, საზიარო გარემოში, ცხოვრობენ.

კოვიდ-19-ით ინფიცირებისას შშმ თემის ის წევრები, რომლებსაც რესპირატორული პრობლემები აწუხებთ, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მომატებული რისკის წინაშე დგანან.

კოვიდ-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო მრავალმა შშმ პირმა, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ არაფორმალურად ან რომლებიც ვერ ადაპტირდნენ ახალ სამუშაო პირობებთან, საარსებო წყარო დაკარგა და ფინანსური სირთულეების მაღალი რისკის წინაშე დადგა.

შშმ თემის გარკვეული ჯგუფები, მაგალითად, ყრუ-უსინათლოები, მეტწილად იმის გამო მოსწყდნენ გარემოს, რომ ფიზიკური დისტანცირების სიტუაციაში პერსონალური თარჯიმნის ყოლა შეუძლებელია.

შშმ პირებისთვის ვაქცინის ბოლოს მიღების საშიშროება

თუ არ მოხდება შშმ თემის ვაქცინის მიმღებთა პრიორიტეტულ ჯგუფში შეყვანა, მათ პრაქტიკულად, ყველაზე ბოლოს შეეძლებათ ვაქცინის მიღება. გარემო და დამოკიდებულებითი ბარიერების გამო, ისინი ხშირად ყველაზე ბოლოს იღებენ წვდომას მოთხოვნად საჯარო სერვისებზე, განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებში.

განცხადებაში აღნიშნული დასკვნა და რეკომენდაციები:

შშმ პირების, მათი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მხარდამჭერი ქსელების სახელით, მოვუწოდებთ მთავრობებს, გაეროს სააგენტოებსა და კერძო სექტორს, დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა:

1. კოვიდ 19 – ის ვაქცინები უფასოდ ან დაბალ ფასად იყოს ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, მათ შორის შშმ პირებისა და მათ მიერ შერჩეული მხარდამჭერი ქსელის წევრებისათვის;

2. შშმ პირები, მათ მიერ შერჩეული მხარდამჭერი ქსელის წევრები და ასევე პერსონალური ასისტენტები, ოჯახის წევრები (მომვლელები) და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ სერვისებში მომუშავე პირები შევიდნენ ვაქცინის მიმღებთა პრიორიტეტულ ჯგუფებში;

3. ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულებები/ადგილები იყოს ფიზიკურად მისაწვდომი და პირებს საჭიროებისამებრ გაეწიოთ მეგზურობა და დახმარება. ასევე უნდა იქნას შემუშავებული მისაწვდომი ტრანსპორტირების უფასო ან დაბალფასიანი პროგრამები.

4. უნდა გატარდეს სპეციფიკური საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რათა შშმ პირებმა გაიგონ ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის შესახებ; ყველა საინფორმაციო კამპანია, მათ შორის გენდერული და ასაკობრივი, უნდა იყოს ინკლუზიური და მისაწვდომი შშმ თემისთვის;

5. ვაქცინებთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სისტემებმა უნდა შეაგროვონ ასაკის, სქესისა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაშლილი მონაცემები; სრულად მისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტ სერვისებიც და ამავდროულად, დაცული იყოს პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

6. კოვიდ-19-ს საწინააღმდეგო ვაქცინის ადმინისტრირება უნდა მოხდეს მხოლოდ შშმ პირის თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ. შშმ პირთა, ინტელექტუალური შეზღუდვების, ფსიქო-სოციალური საჭიროებებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების ჩათვლით, ავტონომიურობა და უფლებაუნარიანობა არ უნდა შეილახოს იმ გამამართლებელი გარემოებით, რომ ეს პირის საუკეთესო ინტერესის ან საზოგადოებრივი სიკეთისთვის კეთდება.

7. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ შშმ პირთა და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციათა ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებაში, კოვიდ 19 – ის საწინაღმდეგო ვაქცინის გავრცელების დაგეგმვასა და ამასთან დაკავშირებულ პროცესებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები