„ყალბი პროკურორი, ყალბი დიპლომით!” – ამ სიტყვებით ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალე“ პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი საქართველოს მთავარ პროკურორისთვის, შალვა თადუმაძისთვის კითხვების დასმას აპირებენ. მოძრაობის რამდენიმე წევრი შენობაში იმყოფება. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის ბუნდოვანია პროკურორის დიპლომთან და განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. შეკრებილები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ და იმედოვნებენ, რომ კითხვებზე პასუხს მიიღებენ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესი მიმდინარეობს, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენენ.

 

შალვა თადუმაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ოპოზიცია და არასამთარობო ორგანიზაციები მისი დიპლომით დაინტერესდნენ. ადმინისტრაციული ორგანოები გენერალური პროკურორის დიპლომის ასლის გასაჯაროებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ, მიზეზად კი განმარტავდნენ, რომ საქმე პირად ინფორმაციას ეხება. მას შემდეგ, რაც დოკუმენტის ასლი დაინტერესებულ პირებს გადაეცათ, მათ სხვადასხვა უზუსტობები აღმოაჩინეს, რაც მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აუცილებლად მიიჩნევენ კომპეტენტური ორგანოების მიერ გენერალური პროკურორის დიპლომის შესწავლასა და არსებული შეუსაბამობების გამო დასაბუთებული განმარტებების გაკეთებას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესზე არაერთი კითხვა დაისვა მის დიპლომთან დაკავშირებით, თუმცა შალვა თადუმაძის პასუხები საკითხს კვლავ ბუნდოვანს და გაუგებარს ტოვებს.

მსგავსი თემები