LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტორები, რომლითაც ჰონგ-კონგის ბიზნესწრეები საქართველოში ინტერესდებიან

73
AdobeStock_135873223-1024x687

იმედი გვაქვს, ჰონგკონგი გახდება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი, – ეს განცხადება გიორგი ქობულიამ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ხელმძღვანელობს. ჰონგ-კონგის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაცია ეცნობა იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

„ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მრავალი სექტორით, ბევრი კითხვა იყო ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის სექტორების მიმართულებით. მათ ძირითადად აინტერესებთ, თუ რით არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემო, რით ვჯობივართ ან რით გავუწევთ კონკურენციას სხვა ლოკაციებს მათი ბიზნესის გასავითარებლად. ამ კითხვებზე ჩვენგან მიიღეს საკმაოდ დეტალური პასუხები, გამოხატეს კმაყოფილება და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს. იმედი გვაქვს, რომ ჰონგ კონგი გახდება ჩვენი ერთერთი ძირითადი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი მომავალში,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა უნდა განიხილონ საქართველოში ინვესტირებასა და მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა, – ამის შესახებ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რეგინა აიპმა განაცხადა.

„მინისტრმა დეტალურად გაგვაცნო საქართველოს ეკონომიკური სისტემა. ჰონგ კონგი და საქართველო ძალიან ჰგავს ერთმანეთს ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სამართლებრივი სისტემა, საგადასახადო სისტემა, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, დიდი ყურადღება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ. საქართველო უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰონგ კონგთან და ასევე ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე,” – განაცხადა რეგინა აიპმა.

ცნობისთვის, ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა ბიზნესფორუმი Investment Opportunities in Georgia, სადაც ჩატარდა მნიშვნელოვანი პრეზენტაციები საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების, ასევე სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ჰონგ-კონგის დელეგაცია ეწვევა სხვადასხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს თბილისსა და ფოთში და შეხვდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კორპორაციის წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები