LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ თუ არასრულწლოვნის მოტაცების მიზანი ოჯახის შექმნა იყო, ეს გამართლებულია

372
cover-fortuna.ge

“გარდაბანში არასრულწლოვანი გოგო ქორწინების იძულების მოტივით მოიტაცეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ბრალდებული უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – ეს ერთ-ერთი მაგალითია, იმ მრავალთა შორის, რომელსაც შსს არასრულწლოვანი გოგოების მოტაცებას მშრალი სტატისტიკით გვამცნობს და რომელთა მიღმაც ხშირად, არასრულწლოვანთა მძიმედ შეცვლილი ყოველდღიურობა დგას.  თუმცა, საგულისხმო ამ კონკრეტულ ამბავში ისაა, რომ  მოძალადეს, გოგოს მოტაცებაში საკუთარი დედა და კიდევ 2 ახლობელი ქალი დაეხმარა. უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე ყველა თანამონაწილე პირი ადეკვატურად უნდა დაისაჯოს.

მსგავს საქმეებში ეს შემთხვევა პრეცედენტულია, ვინაიდან მოძალადეებს უშუალოდ მოტაცების პროცესში მეტწილად არა ოჯახის წევრები, არამედ მამაკაცი მეგობრები ეხმარებიან – ასე ფიქრობენ სპეციალისტები. თუმცა, მათივე აზრით, ეს ამ თემის ერთადერთი პრობლემა არ გახლავთ. ბავშვობის ასაკში და იძულებითი ქორწინება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად და საფრთხედ რჩება.

ჩვენს ქვეყანაში, ყოველი მეშვიდე ქალი ამბობს, რომ  ძალადობა გამოუცდია, ხოლო, ბავშვობის ასაკში ქორწინება გვხვდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი მხოლოდ რომელიმე ეთნიკური ჯგუფით ან ტერიტორიით არ შემოიფარგლება.

 

"ყველა მსხვერპლს აქვს იმედი, რომ მოძალადე შეიცვლება, მაგრამ ილუზიაა"

"ამ ისტორიების გამოქვეყნებით მინდა ხმა მივაწვდინო გოგოებსა და ქალებს, რომლებიც ბავშვობის ასაკში ქორწინებისა თუ ძალადობის წინაშე დგანან. თქვენ არ ხართ მარტო! "

 

რას გვეუბნება სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა, რომლის შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს ზემოხსენებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის 175 ფაქტი გამოვლინდა, რომლის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს.

აღსანიშნავია, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილი იყო შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე პოლიციისადმი მომართვიანობისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს არასრულწლოვანი გოგოს შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე, გამოძიება 14 ფაქტზე დაიწყო, ხოლო 2018 წელს – 9 ფაქტზე. ასევე, 2019 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 2018 წელს – 1 პირის მიმართ.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად კი, 20-იდან  24-წლამდე ასაკის ქალების 14% 18 წლის ასაკამდე იყო დაქორწინებული. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქალაქებში მსგავსი შემთხვევების 8%, ხოლო სოფლებში კი 25% გამოვლინდა.

პრობლემის არსი და შესაძლო გადაჭრის გზები

უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი გოგოების მოტაცება და შესაბამისად, მათთვის თავისუფლების უკანონო  აღკვეთა, ქორწინების იძულების მოტივით, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება.

 ქორწინების იძულების მიზნით ქალის მოტაცება იძულების ფორმაა, რაც ძირითადად, გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ცალკეულ ქვეყნებში.

ექსპერტი და ეროვნული კონსულტანტი – ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში, გოგა ხატიაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა ხშირად საზოგადოების ამ თემისადმი არასენსიტიურ დამოკიდებულებაში ვლინდება.

„საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ თუკი არასრულწლოვნის მოტაცების მიზანი ოჯახის შექმნა იყო, ეს გამართლებულია – რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების მიმართ მიმღებლურ დამოკიდებულებას. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ მსგავსი სტერეოტიპების აღმოფხვრასა და ცნობიერების ამაღლებას,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას უფლებადამცველი.

მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2020 წლის პირველ 9 თვეში, გამოძიება არასრულწლოვანთა შესაძლო მოტაცების 34 ფაქტზე დაიწყო.

„პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტულად ამ მუხლით, ყოველ წელიწადს ათეულობით შემთხვევაზე იწყება გამოძიება,“ – აცხადებს ხატიაშვილი.

უფლებადამცველი საკითხის სამართლებრივ ნაწილზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პრობლემა არა კანონმდებლობაში, არამედ ხშირად მის ეფექტიან აღსრულებაში, მათ შორის სამართალდამცველების წინასწარ შექმნილ განწყობაში უფროა.

„რამდენიმე წლის წინ კანონში სპეციალური მუხლიც გვქონდა, რომელიც  ქორწინების მიზნით ქალის მოტაცებას დანაშაულად აცხადებდა, თუმცა ეს მუხლი გაუქმდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას მიუერთდა. სამართლებრივად რომ ავხსნათ, ამჟამად, ქალისა და გოგოს მოტაცება, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთა ისე ისჯება. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს ცალკე ნორმა, 150-ე პრიმა მუხლის სახით, ქორწინების იძულების დასჯადობაზე მიუთითებს.

ამიტომ, ქორწინების იძულების მიზნით მოტაცება ერთდროულად ორი მუხლით უნდა შეფასდეს – როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ისე ქორწინების იძულების მუხლით, რომლის პრეცედენტებიც გვქონია პრაქტიკაში. ამავდროულად, ქორწინების იძულების მიზნით, ქალის მოტაცება მიუთითებს დანაშაულის ჩადენის გენდერულ მოტივზე, რაც პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოებაა,”- განუცხადა “ფორტუნას” გოგა ხატიაშვილმა.

როგორც ექსპერტი საკუთარ პრაქტიკაზე დაყრნობით ამბობს, როგორც წესი, ასეთი ტიპის დანაშაულში არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ რამდენიმე პირი მონაწილეობს. მისი აზრით, გარდაბანში მომხდარი გატაცება სპეციფიკურია იმდენად, რამდენადაც უშუალოდ პროცესში მონაწილე თავად მოძლადის გარემოცვა, ოჯახის წევრი იყო.

„ჩემი პრაქტიკით, ასეთ დანაშაულში 3 ან 4 პირი მაინც მონაწილეობს: უშუალოდ ის პირი, რომელსაც სურს მოტაცებულ გოგოზე დაქორწინება და მისი მეგობრები, ან ახლო ნათესავი მამაკაცები. ეს შემთხვევა კი თავისი წრით, სხვა სპეციფიკისაა, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მოტაცებულ გოგოზე მოძალადის ოჯახის ქალი წევრები ზემოქმედებდნენ.

მოტაცების ფაქტებიდან, თითქმის არ მინახავს შემთხვევა, როდესაც უშულოდ თავისუფლების აღკვეთის პროცესში სავარაუდო დამნაშავის  ოჯახის წევრი ქალი მონაწილეობდა. ამდენად, ეს შემთხვევა პრეცედენტულია,

თუმცა ამ ტიპის შემთხვევებში სუბიექტების ზოგადი მონაწილეობა გამონაკლისი არ არის. განსაკუთებით იმ ნაწილში, როდესაც ისინი მოტაცების პროცესში თანამონაწილეები არიან. ანუ, მათ აქვთ ინფორმაცია მოტაცების შესახებ, თუმცა სამართალდამცველ ორგანოს არ ატყობინებენ,“ -დასძენს უფლებადამცველი.

მისივე თქმით, სისხლისსამართლებრივი მექანიზმები არ არის ერთადერთი ან/და ყველაზე ეფექტური გზა ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საბრძოლველად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამ გამოწვევას ებრძოლოს კომპლექსურად: როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მათი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული ინტენსიური ღონისძიებების განხორციელების, ისე შემთხვევების დროული აღმოფხვრისა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების, ასევე დაზარალებულთა გრძელვადიანი მხარდაჭერის გზით.

„ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა შევუწყოთ ხელი იმ სტერეოტიპების გაღვივებას, რომ თითქოს ქორწინების მიზნით, ქალის მოტაცება პასუხისმგებლობის რაიმე შემსუბუქებას იწვევს ან რაიმე გამართლება გააჩნია.

პირიქით, აღნიშნული შემთხვევები დამნაშავის პასუხისმგებლობის დამძიმების პერსპექტივით უნდა იქნეს განხილული.  საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ თუკი მოტაცების მიზანი ოჯახის შექმნა იყო, ეს გამართლებულია და დამოკიდებულებაც შესაბამისი,“- აღნიშნავს ხატიაშვილი და იქვე დასძენს, რომ  შესაძლოა სპეციალური აქტივობების შემუშავება, რათა მსგავსი დამოკიდებულება ტოლერანტულობით ჩანაცვლდეს, მათ შორის, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კომპონენტებში ამ საკითხების ინტეგრირება.

„დანაშაულის დეფინიციებთან მიმართებით, რასაც კანონმდებლობის ხარვეზად მივიჩნევ, სქესობრივი დანაშაულების დეფინიციაა, რაც საერთაშორისო სტანდარტებს საერთოდ არ შეესაბამება, დანარჩენ ნაწილში კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად სრულყოფილია,“ – დასძენს ექსპერტი.

ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, რამდენიმე პრინციპის გათვალისწინებაა საჭირო.

„როდესაც სახელმწიფო ამ ტიპის დანაშაულზე იღებს ინფორმაციას, უნდა მიუდგეს იმ პრეზუმფციით, რომ ადგილი ნამდვილად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ჰქონდა და ეს ნებაყოფლობითი ქმედება არ ყოფილა.

ზოგჯერ პოლიციასაც წინასწარი განწყობა აქვს შექმნილი – როდესაც სავარაუდო მოტაცებაზე იგებენ, ფიქრობენ, რომ ეს გოგოს ნებით მოხდა და სათანადო ძალისხმევას არ იჩენენ დაზარალებულის მოსაძებნად, რაც მთლიან პროცესს აზარალებს და რის  შემდეგაც სამართლწარმოება განიცდის მნიშვნელოვან კრახს,“ – უთხრა „ფორტუნას“ გოგა ხატიაშვილმა.

ამასთან, ექპერტი გამოძიების პროცესში მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გატაცებული არასრულწლოვნის მოძებნა უმოკლეს დროში უნდა მოხდეს, რადგან ასეთ შემთხვევებში გამტაცებლების მხრიდან მინიმუმ 3 ადგილსამყოფელის შეცვლა ხდება, ხოლო გოგოს დროულად პოვნა, საქმის წარმატებულად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„როდესაც გატაცებული გოგო ხანგრძლივად ხვდება მოძალადესთან, იმდენად დამუშავებული ჰყავთ, რომ პოლიციაში მისვლის შემდგომ სხვა რამეს აცხადებს – თითქოს ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა, ასეთ შემთხვევაში კი, მტკიცებულების მოპოვება ძალიან რთულდება-ხოლმე. თითქმის არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, როცა ასეთ შემთხვევაში, ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დაზარალებულმა თქვა, რომ ყველაფერი მისი ნებით მოხდა და  საქმეზე რაიმე შედეგი დადგა,“ – დასძენს უფლებადამცველი.

იგი ფიქრობს, რომ საქმის წარმოებისას და მისი დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვანია გატაცებულთან შესაბამისმა სპეციალისტებმა, მათ შორის, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა იმუშაოს. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგჯერ, ადგილი აქვს მოტაცებული გოგოს გაუპატიურებას და ხშირად მშობლები უარს ამბობენ მის უკან დაბრუნებაზე „ოჯახის ღირსების“ დაცვის მოტივით. ხატიაშვილის თქმით, ამ კუთხით სერიოზული დეფიციტია. ასევე, მოტაცებულ გოგოებს უნდა შეეთავაზოთ თავშესაფარში გადასვლა არასრულწლოვანზე შემდგომი ზემოქმედების განხორციელების საფრთხეების გამოსარიცხად, რომლის წარმატებული მაგალითებიც გვქონია პრაქტიკაში.

„სამწუხაროდ, ზოგჯერ სპეციალისტების ჩართვა და მითუმეტეს, დაზარალებულთან ხანგრძლივი მუშაობა ვერ ხდება-ხოლმე.

აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვნი პუნქტი: უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გატაცების პროცესში, არამედ ყველა თანამონაწილე პირი, რომელთაც იცოდნენ და პოლიციას არ შეატყობინეს ან ხელი შეუწყეს დანაშაულის დაფარვას,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ საუბრისას გოგა ხატიაშვილი.

პოპულალურები