LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი და სამომხმარებლო პროდუქტები კიდევ გაძვირდება – ირანი-აშშ-ს დაპირისპირება საქართველოს ეკონომიკას დაარტყამს

317
ფოტო (1)

მთელი მსოფლიოს ყურადღება ბოლო დღეებია, აშშ- ირანის ურთიერთობისკენაა მიპყრობილი. დონალდ ტრამპმა, თითქმის ერთდღიანი დაგვიანების შემდეგ, საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ირანის მიმართ ეკონომიკურ ზეწოლას, სანქციებს გამოიყენებენ. არადა, მსოფლიო შიშით ელოდა, რას იტყოდა ტრამპი და ხომ არ გაამწვავდებდა სიტუაციას.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ხუმრობდნენ კიდეც, რომ დონალდ ტრამპის გამოსვლას მთელი საქართველო უყურებდა. საქმე ისაა, რომ ირანი-აშშ-ს შორის დაძაბული ვითარება ჩვენს ქვეყანაზე ნებისმიერ შემთხვევაში აისახება და როგორც გავარკვიეთ, არსებული ვითარება პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკას შეუქმნის სირთულეებს. 

ამ თემაზე მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვამ, შესაძლოა, საქართველოში ეკონომიკური პრობლემები შექმნას.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და სად არის ამ სიტუაციაში საქართველო, რა ელის ქვეყნის ეკონომიკას და მომავალს, ეს კითხვები ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებს დავუსვით.

„ფორტუნას“ „დღის თემაში“ საერთაშორისო ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ფაქტია, ნავთობი უკვე ძვირდება. მისი თქმით, ნავთობის ყველაზე დიდი საბადოები ირანისა და ერაყის ტერიტორიაზეა, არსებული დაძაბულობა კი „შავი ოქროს“ ექსპორტს შეაფერხებს, რას მასზე ფასებს გაზრდის.

„ერთი პრობლემაა ნავთობის გაძვირება. ყველამ იცის, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ თავიდან ბოლომდე იმპორტზე და ფასების მატება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება საწვავზე. ამის გარდა, კიდევ ერთი პრობლემაა რუსეთის ფაქტორი. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი ყურადღებას ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანს, რუსეთს გაუჩნდება შანსი, საქართველოზე კონტროლი გააძლიეროს და ეს პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით გააკეთოს.

რუსეთი ყველანაირად შეეცდება, საქართველოს ეკონომიკას ყველა კუთხით დაარტყას, რისი შესაძლებლობაც გაუჩნდება“

ამ თემაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეც აკეთებს განცხადებას. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები.

„არსებული სიტუაცია, საქართველოზეც აისახება იმ კუთხით, რომ ნავთობის გაძვირების პარალელურად, შეიძლება, საგზაო ბიტუმის ფასიც გაიზარდოს. ჩვენ კი გვაქვს პატარა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მაგრამ ის მოხმარების მხოლოდ 1%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი იმპორტირებულია. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე და ასევე ლარის გაცვლით კურსზე ვართ დამოკიდებული. რაც შეეხება საგზაო ბიტუმს, ამ მხრივ საქართველო მთლიანად ირანზეა დამოკიდებული. თ პრობლემა გამძაფრდა, ალტერნატიული ბაზრების მოძიება გახდება საჭირო”, – აცხადებს მთვრალაშვილი. 

ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია კი თვლის, რომ ირანი-აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა პრობლემებს მთელ რეგიონში შექმნის. სპეციალისტების თქმით, ნავთობის გაძვირების გარდა, მოსალოდნელია ინვესტიციებისა და ტურისტების რაოდენობის კლება.

„მოსალოდნელია სავაჭრო ომები“ – რა ეკონომიკურ ზიანს მიიღებს საქართველო ირან-ამერიკის დაპირისპირებით

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნავთობის ფასზე პურისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტების ფასებია მიბმული, ადვილი მისახვედრია, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ნავთობისა და შესაბამისად, საწვავის გაძვირება. რაც ქვეყანას ლარის გაუფასურებამ დააკლო, გამორიცხული არ არის, არსებული მდგომარეობა ირანი-აშშ-ს დაპირისპირებამ გააუარესოს.