LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ფილმები კინომოგზაურისთვის

609
travel-movies-b

საყოველთაო კარანტინში, როცა სახლში გამოკეტილები  ვერაფრით ვირთობთ თავს, გახალისების საუკეთესო საშუალება ვირტუალური მოგზაურობაა სწორად შევარჩეული ფილმებით.

“შუაღამე პარიზში” (Midnight in Paris ) – ამოუცნობი პარიზი ყოველთვის იზიდავდა მოგზაურებს,  თუმცა საიდუმლოს მხოლოდ რჩეულებს უმხელდა. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ვუდი ალენის ალტერ ეგო – ხელმოცარული მწერალი, რომელმაც ღამის პარიზის საოცრებებით სავსე სამყაროში მოგზაურობის შემდეგ უარი თქვა წარსულში დაბრუნებაზე.

“კონ-ტიკი” (Kon-Tiki) – ახალგაზრდა ნორვეგიელი ანთროპოლოგის ტურ ჰეირდალის თავგადასავალი, რომელმაც 1947 წელს საკუთარი ხელით აგებული ტივით გადაწყვიტა წყნარი ოკეანის გადალახვა, მართლაც აღფრთოვანებას იწვევს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნამდვილი მოგზაურებისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

“მარტოხელა პლანეტა” (The Loneliest Planet) – სათავგადასავლო დრამა, რომელშიც მთავარი როლები გაელ გარსია ბერნარმა, ჰანი ფიურსტენბერგმა და ბიძინა გუჯაბიძემ შეასრულეს, ახალგაზრდა წყვილის ისტორიაა, რომელიც ყაზბეგში მოგზაურობს და სწორედ მისი არაჩვეულებრივი ბუნებით ტკბება.

“შვიდი წელი დიბეტში” (Seven Years in Tibet) – რა თქმა უნდა, ტიბეტი ყველა მოგზაურის საოცნებო მხარეა, რადგან მის მისტიკურ სამყაროში მოგზაურების  და არაჩვეულებრივი ტიბეტელების გაცნობის შემდეგ ნებისმიერს გაუჩნდება საკუთარ თავში გარკვევის და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლის სურვილი.

“საფარი – აფრიკა” (Safari -Africa) – დევიდ კინის დოკუმენტური ფილმი საუკეთესო მეგზურია მრავალფეროვან აფრიკულ სავანეში სამოგზაუროდ, რადგან  “აფრიკულ ხუთეულად” წოდებული ცხოველების გაცნობა ჩვეულ გარემოში უფრო საინტერესოა, ვიდრე თუნდაც საუკეთესო ზოოპარკში.

“ბრაზილიის ხმები” (Sounds of Brasil) – დოკუმენტურ ფილმში მიკი კაურისმიაკი მაყურებელს არაჩვეულებრივ ბრაზილიურ მუსიკას აცნობს, რომელც ბევრისთვის, განსაკუთრებით ფაველების ბინადართათვის მძიმე ცხოვრებას მორგების და მტრულად განწყობილ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

საცოლე ტოკიოდან” (Tokyo Fiancée) – ავტობიოგრაფიული რომანის მოტივებზე გადაღებული ფილმის მთავარი პერსონაჟი ამელი ნოტომბია, რომელიც იაპონიაში გატარებული ბავშვობის შემდეგ ბელგიაში გაემგზავრა და სწორედ იქ მოიპოვა პოპულარობა თავისი მგრძნობიარე, ემოციური რომანებით, მერე კი, ისევ იაპონიაში დაბრუნდა და სრულიად განსხავებული ქვეყანა აღმოჩინა.

“ტურ დე შანსი” (La grande boucle) – ფილმის მთავარ გმირს – ფრანსუას ბოლო დროს ნაკლებად უმართლებს, ჯერ ცოლმა მიატოვა, მერე სამსახურიდან დაითხოვეს და ისიც ველომოგზაურობაში ჩაება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.

“ჩემი ცხოვრება ნანგრევებში” (My Life in Ruins) – რომანტიკული კომედია მარტოხელა ქალზე, რომელიც იძულებულია მეგზურად იმუშავოს და ჭირვეული ტურისტების კაპიზები შეასრულოს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიყვარული ყოველთვის იქაა ჩასაფრებული, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით.

“ცხენებსა და ადამიანებზე” (Of Horses and Men) – ბენედიქტ ერლინგსონის ისლანდიურმა დრამამ ხუთი ნოველა გააერთიანა და მაყურებელს ადამიანებისა და ცხენების არაჩვეულებრივ მეგობრობაზე მოუთხრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები