LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმეს არავინ იძიებს, საპატრიარქოს ქვეშ არსებული პანსიონატია და არ სურთ ვინმე პასუხისგებაში მისცენ, ვაპირებთ საერთაშორისო ტრიბუნალებს მივმართოთ – პატარაია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე

91
BeFunky-collage (9)

„მთელი ერთი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ საქმეში ჩავერთეთ, პრაქტიკულად გამოძიება არ ხორციელდება, საქმეები წინ არ მიიწევს და რაც მთავარია, ამ საქმეებს არავინ იძიებს, როგორც არაადამიანურ მოპყრობას და დამამცირებელ მოპყრობას, რასაც ბავშვები იქ განიცდიდნენ”, –  ამის შესახებ ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ბაია პატარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება მეტწილად, ფორმალისტურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა. ამასთან, როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, ბენეფიციარებს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული და ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ.

პატარაიას განცხადებით, მათ არ აქვთ იმედი, რომ ქართულ მართლმსაჯულების პირობებში პრობლემის ობიექტურად შეფასება მოხდება და ამიტომ საერთაშორისო ტრიბუნალებისთვის მიმართვას გეგმავენ.

“არ გვაქვს იმედი, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში მათი პრობლემის ობიექტურად შეფასება მოხდება და ამიტომ ძალიან აქტიურად ვფიქრობთ იმაზე, რომ საშუალებები გონივრულ ვადაში ამოვწუროთ, რაც დარჩენილი არის საქართველოში და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტრიბუნალებს მივმართოთ. ვფიქრობ, რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოებულია, ვინაიდან ეს არის საპატრიარქოს ქვეშ არსებული პანსიონატი, მათ არ სურს პანსიონატის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცენ, საერთოდ არ აქვთ სურვილი, რომ ეს დანაშაული ობიექტურად გამოიძიონ,“ – განაცხადა ბაია პატარაიამ.

შეგახსენებთ, მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, 2021 წლის ივნისში დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის მუხლებით არაერთი საქმეა აღძრული: სახალხო დამცველი

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მიმართვა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები