რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი აცხადებს, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ვერშინინმა „იზვესტიას“ განუცხადა.

„ეს საკითხი განიხილეს. მე ჯერჯერობით მხოლოდ შემიძლია დავეყრდნო პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებას. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის საქმეები ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (ავიამოსვლის შეწყვეტა)“, – განაცხადა ვერშინინმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსული მხარე რაიმე წინაპირობას იმისთვის, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლა აღდგეს, რუსი დიპლომატი აცხადებს რომ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება ყველა გარემოებების გათვალისწინებით.

“ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობებს ქართველ ხალხთან. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნორმალიზაციის ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება ყველა გარემოებების გათვალისწინებით“,- აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები