LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონშია

199

საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონშია – ინფორმაციას ამის შესახებ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, საქართველოს აღნიშნული დიდი ქალაქების ჰაერის მთავარ დამაბინძურებელს აზოტის ორჟანგი, მყარი ნაწილაკები, ხოლო ზესტაფონში მანგანუმის ორჟანგი წარმოადგენს.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, აზოტის ორჟანგი საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება და ატმოსფეროში მათი გაფრქვევა ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვით ხდება. მყარი ნაწილაკების (PM10) გაფრქვევის წყარო, კი სამშენებლო სექტორია, ასევე, მიწის ღია გრუნტი (სადაც ბალახი არ არის ამტვერება იოლად ხდება). რაც შეეხება ევროდირექტივებით განსაზღვრულ ატმოსფერული ჰაერის სხვა დამაბინძურებლებს, როგორის არის: ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, მიწისპირა ოზონი, ტყვია, იგივე ბენზოლი, ისენი საქართველოში ნორმის ფარგლებშია.

„აზოტის ორჟანგი, იგივე დიოქსიდი, არის წვის პროდუქტი. მას საკმაოდ მავნე ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე და პირდაპირ კავშირშია არა საწვავის, არამედ წვის ხარისხთან – რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს წვა, ანუ რამდენად გამართულია ჩვენი ავტომობილები. აზოტის დიოქსიდი ჩვენს ქალაქებში იმიტომ არის პრობლემური, რომ ჩვენი ავტომობილების პარკი მოძველებულია და ტექნიკურად გაუმართავი. დაახლოებით, 14 წლის წინ გაუქმდა ტექდათვალიერება და ავტოპარკი ტექნიკურად კარგ მდგომარეობაში ვერ იქნება. იცით, ქვეყანაში კატალიზატორების პრობლემაცაა. მესამე თაობის კატალიზატორები იმ მიზნით იყო შექმნილი, რომ აზოტის ჟანგეულების გაფრქვევა შეემცირებინა. როცა ასეთი კატალიზატორი ავტომობილზე არ აყენია, გაფრქვევაც მაღალია. ჩვენი მონიტორინგის შედეგებიც ამას გვიჩვენებს მსხვილ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში,“ – აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე განცხადებით, ავტომობილების უდიდეს ნაწილს ტექდათვალიერება ჯერ არ გაუვლია. 1 ოქტომბრიდან იგი სავალდებულოა დიდი ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ასე, რომ ამ თვალსაზრისით ჰაერის გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მეგრელიშვილის თქმით, ზესტაფონში მანგანუმის ორჟანგის მაღალი დონე კი „ფეროშენადნობი ქარხნის დამსახურებაა“.

„ბოლო წლებში მანგანუმის ორჟანგის დასაშვებ ნორმაზე მაღალი დონე მცირედით შემცირდა, თუმცა მაინც სერიოზული პრობლემაა. დღე-ღამეში მანგანუმის ორჟანგის მინიმალური ნორმა 0,001 მილიგრამია მეტრ კუბში. ბოლო მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 0,004–0,005 მილიგრამს შეადგენს მეტრ კუბში. შედარებისთვის, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 0,008 მლგ–ია მ3-ში,“ – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ უწყვეტ მონიტორინგს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში აწარმოებენ. წლის ბოლომდე ასევე ავტომატური მონიტორინგის სადგური რუსთავში დაიდგმება.

ამასთან, ქვეყნის 25 ქალაქში 80 წერტილზე ყოველკვარტალურ ინდიკატორული გაზომვები ხდება. სინჯები შესამოწმებლად კი ბრიტანეთის ლაბორატორიაში იგზავნება.

პოპულალურები