LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ახალგაზრდებში ფიქსირდება

448

2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.

საქსტატის ცნობითვე, 2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთის და გურიის რეგიონებში. ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 5.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო აჭარის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 1.8 და 1.6 პროცენტული პუნქტებით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.3 და 1.9 პროცენტული პუნქტებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში  – 1.1 პროცენტული პუნქტით.

გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები