LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე – ქალებში

176
unemployment-insurance-1000

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების ზრდამ, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებამ გამოიწვია.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 71.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი თითქმის თანაბრად არის შემცირებული როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 1.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის III კვარტალში როგორც ქალების, ისე კაცების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ცნობისთვის:

საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულად მიიჩნევა 15 წელზე უფროსი მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს.

უმუშევრად მიიჩნევა 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები