LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რადიაციული ტვირთის შემოტანისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს

174
DSC-8337

რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს –ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარღვევა საქართველო-სომხეთის საზღვრის „სადახლოს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რადიაციის აღმომჩენმა პორტალმა დააფიქსირა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში ოთხ ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის” გადატანის მცდელობას. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს „თორიუმ 232“, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას.

გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა“,- აცხადებენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები