LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 68% გამოჯანმრთელდა – ამირან გამყრელიძემ ვითარება შეაჯამა

78
98348694-1689113571226540-3339409094946586624-o

“დღევანდელი მონაცემებით საქართველოში 45 707 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, აქედან დადასტურებულია 723 შემთხვევა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს სტაციონარებში 216 ადამიანი მკურნალობს, 495 ანუ 68% კი გამოჯანმრთელდა, რაც კარგი მაჩვენებელია.

“აქედან დღეს დილისთვის აქტიური შემთხვევა, ვინც იმყოფება სტაციონარებში და გადის მკურნალობას, არის 216, გამოჯანმრთელებულია 495, ანუ 68%, რაც კარგი ინდიკატორია. ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა სერიოზულად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახალინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე დამაიმედებელი ინდიკატორია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ბოლნისში. მარნეულსა და თეთრიწყაროში ფიქსირდება. დღეიდან კი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება.

“დღეს დილით ჩვენ გვაქვს 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. ჩვენთან ყველაზე დაზარალებული რეგიონი ქვემო ქართლია. კერძოდ სამი მუნიციპალიტეტი. ესენია: ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. დღეს იწყება სერიოზული კვლევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ეს გახლავთ ეპიდემიოლოგიაში ოქროს სტანდარტი, რომელიც გაძლევს საშუალებას ინფორმაცია გქონდეს ამა თუ იმ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ და მაღალი ალბათობით სარწმუნო, ვალიდური ინფორმაცია მოიპოვო. ეს შენარჩევი გაკეთებულია და დღეიდან 4 დღის განმავლობაში ჩვენი ჯგუფები იმუშავებენ, ერთის მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში და, მეორეს მხრივ, საკონტროლოდ, თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც იცით, რომ ჩვენ შემთხვევა არ გვაქვს. ეს მონაცემები შედარდება ერთმანეთს და დაახლოებით, 26-27 მაისისთვის გვეცოდინება შედეგები და ვნახავთ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზიანებულ მუნიციპალიტეტში. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით გამეორდება,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სხდომაზე ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში არსებულმა საკარანტინე ზონებმა, სადაც ინფიცირების 120 შემთხვევა დაფიქსირდა, გაამართლა. მისი თქმით, საკარანტინე ზონებმა ხელი შეუშალა ვირუსის საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებას, რამაც შეკავების ფაზაში დიდი როლი ითამაშა.