LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ევროპის მასშტაბით: ჯანმო-ს ანგარიში

105
1

“რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვა?” – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უახლესი ანგარიში წარადგინა, რომელშიც ჯანმო რეკომენდაციას გასცემს – საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასების რეგულაცია.

კვლევას ჯანმოს საქართველოს ოფისი აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით:

?  ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება WHO-ს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია WHO-ს ევროპის რეგიონის მასშტაბით;

?  ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია, რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით;

?  2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები WHO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

 

საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ მიმავალ გზაზე დგას, თუმცა ჯანდაცვაში ხარვეზები კვლავ რჩება

 

ანგარიშის შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად, ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პუბლიკაცია – “შეუძლიათ თუ არა ადამიანებს სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა? საქართველოში ფინანსური დაცულობის შესახებ ახალი მონაცემები“ ემყარება ყოველწლიურად შეგროვებულ მონაცემებს 2013–2018 წლების პერიოდში. დღევანდელი ანგარიში კი წარმოადგენს ქვეყანაში ჩატარებული მიმოხილვის სერიების ნაწილს, რომელიც WHO-ს ევროპის რეგიონის ჯანდაცვის სისტემებში ფინანსური დაცულობის მონიტორინგს ახორციელებს.

WHO-ს წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე ამბობს, რომ 2013 წელს საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმების სერია, რამაც მკვეთრად გაზარდა იმ მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით:

❗  “თუმცა, ანგარიშის შედეგები მიუთითებს ხარვეზებზე ადამიანების ფინანსური სირთულეებისგან დაცულობის კუთხით, რომლებიც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდებით არის გამოწვეული.” – ამბობს სილვიუ დომენტე.

ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენლობა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ 2013 წელს საქართველოში დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (UHCP), რომელმაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გააფართოვა:

➤   რეფორმებმა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, მაგრამ ჯიბიდან გადახდის დონე კვლავ მაღალია, 6 – დან 1 ოჯახი ჯანდაცვის კატასტროფულ ხარჯებს განიცდის.

➤   ჯიბიდან გადახდის ზემოქმედება განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახება.

“ანგარიშში მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ რეფორმებმა ვერ უზრუნველყო ამბულატორიული მედიკამენტების საკმარისი დაფარვა, რაც ჯიბიდან კატასტროფული გადასახადების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. ჯიბიდან გადახდა ჯანდაცვაზე მთლიანი გაწეული ხარჯების 48%-ს შეადგენს, რაც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია.” – ამბობს ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი WHO-ს ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების ბარსელონას ოფისში,  ტრინ ჰაბიხტი.

 

ფინანსური დაცულობა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა

 

ჯანმო-ს უახლესი ანალიზის მიხედვით, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები, რაც ანგარიშის მიხედვით ძირითადად გამოწვეულია:

? სახელმწიფოს მიერ ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული დაფარვით;

?  მომხმარებლის გადახდების კომპლექსური სისტემით, თანაგადახდაზე ყოველწლიური ლიმიტის, ან ნაკლებად შეძლებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეღავათების გარეშე;

?  სტაციონარული და გადაუდებელი დახმარების პრიორიტეტით პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში.

“ადამიანები ხშირად საკუთარი ჯიბიდან იხდიან, რათა გვერდი აუარონ პირველად ჯანდაცვას და სამედიცინო დახმარების მისაღებად უშუალოდ სპეციალისტებს მიმართავენ, რაც ნაწილობრივ განპირობებულია პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების მიმართ ნდობის დაბალი დონით.” – ვკითხულობთ ანგარიშის შეფასებაში.

 

კვლავ საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა

 

ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ ფინანსური დაცულობის გაძლიერება მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე ხარჯების გაზრდას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ასევე სერვისების მოცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ზომების მიღებას და რესურსების უკეთ გამოყენებას.

ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები ასეთია:

?  მთავრობამ განახორციელოს ინვესტიციები პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

?  პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს დაბალშემოსავლიანი ოჯახების და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ჯიბიდან გადასახადებისგან უფრო მეტ დაცულობას;

?  შემოიღოს ჯანდაცვის მომსახურების მოცულობისა და ფასების უფრო მკაცრი რეგულაციები, მედიკამენტების ფასების ჩათვლით.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს ქვეყნების წინსვლას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით – არავინ რჩება მიღმა

 

ჯანმო-ს წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ფინანსურ დაცულობას ცენტრალური ადგილი უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ფინანსური სირთულეების გარეშე.

➤  ჯანმრთელობის უნივერსალური მოცვა WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის სტრატეგიულ ჩარჩოს, ევროპის სამოქმედო პროგრამის საფუძველს წარმოადგენს;

➤  WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის საშუალებით, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი ახორციელებს ფინანსური დაცულობის კონტექსტურ მონიტორინგს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

➤  ჯანმო-ს ბარსელონას ოფისი ასევე უზრუნველყოფს ქვეყნებისთვის სპეციალურად ადაპტირებული ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემცირდეს დაუკმაყოფილებელი საჭიროებების რიცხვი და ფინანსური პრობლემები ჯანდაცვის მოცვის ხარვეზების იდენტიფიცირების და მოგვარების გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები