LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბიზნესსექტორში უფრო მეტი კაცია დასაქმებული, ვიდრე – ქალი

107
buisiness, meeting, office, workers, employees, work, meet

ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წელს მისი მოცულობა 47.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 14.0 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

2019 წელს მთლიანი ბრუნვის 55.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.6 პროცენტი, საშუალოზე – 26.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.0 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წელს 65.3 მლრდ. ლარი (გასულ წლთან შედარებით 15.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 41.2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წლთან შედარებით 14.7 პროცენტით მეტი). 2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4 პროცენტი ქალია, ხოლო 58.6 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702.0 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 3.3 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 977.2 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).

2019 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 161.7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 60.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 864.7 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 29.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 303.3 ლარი,

⦁ საშუალო ბიზნესი – 1 416.8 ლარი,

⦁ მცირე ბიზნესი – 893.5 ლარი.

2019 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 39.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 23.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.6 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.9 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება:

2019 წელს ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.7 პროცენტი) და მშენებლობა (18.8 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.7 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.1 პროცენტიანი წილი უჭირავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები