2019 წლის IV კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 54.7 პროცენტი ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 890.5 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 628.6 ათასი შეადგინა, მათ შორის ტურისტული 344.1 ათასი, ხოლო 284.5 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტია. ვიზიტების უმრავლესობა, 45.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 41.9 პროცენტს შეადგენდა.

გასული წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 263.2 ათასი და 111.7 ათასი ვიზიტი.

2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804 ლარს გაუტოლდა.

მსგავსი თემები