მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტეს ბოლო 2 თვის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყების მიერ პანდემიის პირობებში განხორციელებულ ზომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითი შესაბამისი ორგანიზაციების შესწავლის შემდეგ, უნდა წარედგინოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სხვა ქვეყნებმა შეძლონ კრიტიკულ პერიოდში მისი გამოყენება. დავით ზალკალიანის განცხადებით, გამოცდილება, რომელიც საქართველომ პანდემიის დროს მიიღო, მნიშვნელოვანი იყო 2 მიმართულებით – მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნების და მათი ადგილზე დახმარების თვალსაზრისით.

“ჩვენ შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად ვიწყებთ კვლევას, რომ შევისწავლოთ როგორ მიმდინარეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების პროცესები. შევისწავლით რა იყო ნაკლლოვანება და რა ეფექტიანი. ჩვენ ამ გამოცდილებით წარვსდგებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ ჩვენი გამოცდილება იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნებში კრიზისის დროს”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საზღვარგარეთიდან საქართველოს მიმართულებით 74 ჩარტერული რეისი განხორციელდა, რისი საშუალებით მოხდა შშმ პირების, ორსულების, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების და სტუდენტების სამშობლოში დაბრუნება. ადგილზე 21 126 საქართველოს მოქალაქეს აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება. მინისტრმა სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა ავიაკომპანიას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.

ზალკალიანმა ასევე ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და მათ შორის ოკუპაციის თემაზე. მინისტრის განმარტებით, უწყებას პანდემიის პირობებში არ შეუწყვეტია საგარეო მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ მუშაობა, მათ შორის ბორდერიზაციის და ოკუპაციის მიმართულებით. მისივე თქმით, სამინისტრო ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაეცნო.

მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების უახლოესი დღეების სამუშაო თემა ტურიზმია.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05