LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ფოტოების დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვს

141
დოლიძე

ქართულ მხარეს ახალ ზელანდიაში ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებზე ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ავსტრალიის თანამეგობრობასა და ახალ ზელანდიაში, გიორგი დოლიძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურდა Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია.

გიორგი დოლიძის განცხადებით, მომხდარი თავდასხმის შემდეგ საქართველოს საელჩო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ახალ ზელანდიურ მხარეს. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის არ დასტურდება ინფორმაცია, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

„ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში ვართ კონტაქტზე პარტნიორებთან. საელჩოს მიერ სათანადო ინსტრუქციების თანახმად გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზი.

რაც შეეხება წარწერებსა და მჭიდებს, ერთადერთი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის, რომ ქართულ მხარეს არანაირი ინფორმაცია ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არ გააჩნია. გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არ დაგვკავშირებიან. წარწერების შესახებ კომუნიკაცია გამოძიების მხარის პრეროგატივაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის არავის ოფიციალურად არ მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ინფორმაცია, რომ ეს წარწერები არის ავთენტური და ნამდვილად იყო მჭიდებზე. მჭიდებზე წარწერები ქართულის გარდა ბევრ სხვა ენაზეა და სხვადასხვა მხედართმთავარია ნახსენები”, – აღნიშნა ელჩმა.

ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ათეულობით  კი, დაიჭრა.  ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყება უკვე თანამშრომლობს ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების ფაქტზე ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორებთან.

 

 

პოპულალურები