LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც გახსნის ტურისტულ სეზონს – მარიამ ქვრივიშვილი

278
85121359-2708869329163032-7275550809876594688-o

“15 ივნისს გაიხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისს უკვე უცხოელ ტურისტებს მივიღებთ”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვრივიშვილმა ე.წ. მწვანე ზონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით სხვადახვა რეგიონებში განაწილებული, კორონავირუსისგან სრულად დაცული ტერიტორიები. ერთ-ერთი ასეთი ზონა კი შესაძლოა აჭარა იყოს.

“უკლებლივ ყველა იმ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრისთვის ტრადიციულად ღირებული იყო ან შესაძლებელია დღეს გვქონდეს ახალი შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტი. აქედან გამომდინარე, არ გამოვყოფდი პარტნიორი ქვეყნებიდან პრიორიტეტულს. 15 ივნისია შიდა ტურიზმის გახსნის თარიღი, ხოლო 1 ივლისს მივიღებთ როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით შემოსულ უცხოელ ტურისტებს. გამოკვეთილია ისეთი ქვეყნები, სადაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობა მაღალი იყო.
რაც შეეხება ე.წ. მწვანე ზონებს, ეს არის ცალკე მდგომი პროექტი, რომლის კონცეპტი არის ერთი, რომ შემოვიტანოთ დამატებითი აქცენტირება ე.წ. კოვიდისგან სრულად დაცულ ზონებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის გამოცდილება ჩვენს ბევრ სასტუმროს უკვე აქვს, რაც კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს საერთაშორისო არეალზე. შესაძლებელია, აჭარა იყოს ერთ-ერთი იმ ოფციებს შორის, რომელიც იქნება დამატებით მწვანე ზონად დაპოზიციონირებული. მე ასევე გამოვყოფდი ძალიან ღირებულ გამოცდილებას, რომელიც აჭარაში მდებარე სასტუმროებმა უკვე დანერგეს კარანტინის პროექტით. საკმაოდ დიდი რაოდენობით სასტუმროები გვაქვს ათვისებული ამ პროექტის ფარგლებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აჭარაში მყოფ კერძო სექტორთან”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

მარიამ ქვრივიშვილამ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ის კურორტი, რომელიც საერთაშორისოდ დანერგილ რეკომენდაციებს დაიცავს, ტურისტულად აქტიური იქნება.

“უსაფრთხოება იქნება ერთ-ერთი მთავარი ჩვენთვის, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც თქვა, რომ ხსნის ტურისტულ ინდუსტრიას ძალიან მოკლე პერიოდში. შიდა ტურიზმის გახსნა შეეხება სრულიად საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმრო თუ კვების ობიექტები, თუნდაც გიდები და ტურისტული კომპანიები საერთაშორისოდ დანერგილ უსაფრთხოების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. შესაბამისად, ყველა ის კურორტი თუ სასტუმრო, რომელიც დანერგავს საერთაშორისოდ დაწესებულ ნორმებს, ტურისტულად აქტიური იქნება”, – განაცხადა მან.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო არეალზე, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით იპოზიციონირებს. მისი თქმით, ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს კორონავირუსთან ბრძოლას და  ტურიზმის სექტორსაც უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მუდმივად ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს, რათა საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ყევლაზე უსაფრთხო ქვეყნის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდოს.

რაც შეეხება გაიდლაინებს, ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეს ყველა კურორტისთვის მსგავსი იქნება.

“როგორც მოგეხსენებათ, ცალკე გაკეთდება გაიდლაინები სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის. შესაძლებელია იყოს მკაცრი ზომები, თუმცა ეს სიმკაცრე ყველას გადაგვაზღვევს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო მოგზაურებსაც. ინფრასტრუქტურის ნაწილში, ბუნებრივია, ზაფხულის და ასევე ზამთრის კურორტებზე ვიწყებთ მუშაობას, რადგან ესენი ერთმნიშვნელოვნად იდენტური ღირებულების მატარებელია. სიახლეებს ყველა ერთად ნახავთ”, – აცხადებს ის.