LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს

98
შს6

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი – “USCGC HAMILTON” (WMSL 753) შემოვიდა. ამერიკულ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი – რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.

“USCGC HAMILTON” ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

შსს-ს ცნობით, ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების – “დიოსკურიასა” და “ოჩამჩირეს” მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

“სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს. ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთ თავსებადობის დონის ამაღლებას.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე აშშ-ის ხომალდის მეთაურთან, I რანგის კაპიტან ტიმ ქრონინთან შეხვედრას ბათუმის სამმართველოში გამართავს.
ასევე, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC),” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამერიკელი კოლეგები ქართულ დელეგაციებს ხომალდ “ჰამილტონზე” უმასპინძლებენ.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.

 

 

პოპულალურები