LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ასაკის პედაგოგების ახლებით ჩანაცვლება – ვინ უნდა ასწავლოს სკოლაში

1049
50811322_2661288197222242_8534972969254912000_o

განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობს. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომლებიც არ იქნებიან სტატუსის ამაღლების მსურველები ან ვერ აიმაღლებენ სტატუსს, მხოლოდ და მხოლოდ პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში მიიღებენ ფულად ჯილდოს ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით ერთიანად და ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანს 2019 წლის სექტემბრისა.

არსებული ინფორმაციით, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპენსიო ასაკის 13 ათასამდე პედაგოგია. მათგან დაახლოებით 1000-ის ფარგლებშია იმ მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებმაც 80 წელს მიაღწიეს. განთლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის გათვლით, თანხა, რომელიც პედაგოგების სურვილის შემთხვევაში, მათ ჯილდოს უნდა მოხმარდეს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი შეიძლება იყოს.

ლიზიკო ქოჩორაძე თბილისის #214 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებასა და სამართალს ასწავლის. 50-წლიანი პედაგოგობის შემდეგ, დღეს უკვე სკოლის დატოვებაზე ფიქრობს. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მინისტრის ამ ინიციატივამ მას შესაძლებლობა მისცა მშვიდად დაასრულოს პედაგოგიური საქმიანობა და ფინანსური ნაწილის არ შეეშინდეს. ამასთან ამბობს, რომ ახალგაზრდა თაობას დასაქმების საშუალება უნდა მიეცეს და ეს ინიციატივა ამითაცაა კარგი.

„ნებისმიერი სიახლე ყოველთვის მომწონს, ყველაფერი ახალი და კარგი. ახალგაზრდებს დასაქმების საშუალება უნდა მიეცეთ. საპენსიო ასაკის პედაგოგები ხშირად სახლში იმიტომ არ მიდიოდნენ, რომ პენსია არის ძალიან დაბალი. ახლა გაჩნდა ეს ინიციატივა და ვფიქრობ, დავტოვებ სკოლას. 71 წელი შემისრულდება, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება?! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ენერგიულად ვმუშაობ. მაქვს უამრავი მოგებული და გაკეთებული პროექტები. ერთადერთი რისთვისაც ვფიქრობ ადგილი დავუთმო, ეს არის ახალგაზრდა,“ – აღნიშნა ლიზიკო ქოჩორაძემ.

ლიზიკო ქოჩორაძისგან განსხვავებით სკოლის დატოვებას არ გეგმავს მე-100 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ქეთინო კაკიაშვილი.

ვარ 63 წლის, ენერგიულიც ვარ და ყველაფერს ვაკეთებ აბსოლუტურად. თანამედროვე მოდელით ვატარებ გაკვეთილებს. რატომ უნდა წავიდე, ახალგაზრდა აუცილებლად უნდა მოვიდეს, მაგრამ ჩვენ სანამ შეგვიძლია და ენერგია გვაქვს და პატარებს არაფერს ვაკლებთ, ჩვენც უნდა ვმუშაობდეთ სკოლაში. რომ არ შემეძლოს თვითონ დავჯდებოდი სახლში. წასვლას არ ვგეგმავ. ვაპირებ გამოცდაზე გავიდე და ჩავაბარო,“ –  აღნიშნა ქეთინო კაკიაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

 

ის, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგები უნდა წავიდნენ სახლში და ასპარეზი ახალგაზრდა თაობას დაუთმონ, ამ აზრს იზიარებს ნინელი ასანიძე. ის საკუთარი შვილის პედაგოგების მაგალითზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამ თაობის პედაგოგები ვერ ეწევიან თანამედროვეობას.

”შეიძლება თავის საგანში იყოს კომპეტენტური, მაგრამ ზოგადად მიდგომები ბავშვებთან არ ქონდეს თანამედროვე.  ის ძველი სტილი არ არის მისაღები. ამათ შემორჩენილი აქვთ ძველმოდური დასჯის მეთოდები, რომლებიც დრომოჭმულია. ჩემი ორივე შვილი ერთ მასწავლებელთან დადიოდა, თუმცა მას არ ქონდა ის მიდგომები რა მიდგომებიც 21-ე საუკუნის მასწავლებელს უნდა ქონდეს. ამიტომ ძალიან კარგია თუ წავა. მივესალმები ამ ინიციატივას.  ახალგაზრდა თაობას უნდა დაუთმონ ასპარეზი, თუმცა აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით, ცოტა კომპეტენციაში მოიკოჭლებენ. ორ ცეცხლშუა ვართ,“ – განაცხადა მან.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივას დადებითად აფასებენ ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი ნაწილის განცხადებით, ამ ახალ რეფორმას თან ახლავს ძალიან ბევრი რისკი, რომელიც სახელმწიფომ სათანადოდ უნდა შეაფასოს და შესაბამისი მექანიზმები უნდა შექმნას რისკების ზიანის შესამცირებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელ დირექტორს მეგი კავთუაშვილის განცხადებით, არაა სწორი, რისკების გამო ამ კარგ ინიციატივაზე უარის თქმა და პრობლემაზე თვალის დახუჭვა.

„ცალსახაა, რომ რისკები დგას, თუმცა ჩემი შეხედულებით, კარგია ეს პროცესი. იმიტომ რომ ნებაყოფლობითია და არა ძალდატანებითი. რისკები არის მცირე კონტიგენტიან სკოლებში, ასევე გვაქვს ქალაქები და რეგიონები, სადაც რომელიღაც საგნის მასწავლებლების ჭარბი რაოდენობაა და გვაქვს რეგიონები, სადაც კონკრეტული საგნის სპეციალისტების დეფიციტია, ერთი მასწავლებელი რამდენიმე საგანს ასწავლის. ასევე კარგი იქნება თუ თანმდიმდევრულად, სკოლას ავტონომიურობის ხარისხი გაეზრდება და დირექტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ თუ ეს პედაგოგი არ გავიდა, დარჩა, მაგრამ არც კვალიფიკაცია აიმაღლა და არც გამოცდა ჩააბარა, წინ არ წავიდა და გადაყვანილია დროებით კონტრაქტზე. ამის საფუძველზე თუკი გამოჩნდა კადრი, გაათავისუფლოს ის და ჩასვას ახალი. დღეს დირექტორებს გადაწყვეტილების მიღება და მასწავლებლების გაშვება ძალიან უჭირთ. მე, როგორც მშობელს, მირჩევნია, რომ ჩემ შვილს საერთოდ არ ჰყავდეს  საგანში მასწავლებელი, ვიდრე ჰყავდეს ცუდი მასწავლებელი. მით უფრო თუ მას საერთოდ აღარ ესმის ბავშვი და მხოლოდ იმიტომ იკავებს ადგილს, რომ არ აქვთ საფუძველი რის საფუძველზეც გაუშვებენ არაკვალიფიციურ მასწაავლებელს სკოლიდან. კარგია, რომ სახელმწიფომ ეს პროცესი დაიწყო,“ – განუცხადა „ფორტუნას“ მეგი კავთუაშვილმა.

 

 

საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან გამოსვლის გზების გაჩენა მოსწონს განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტს შალვა ტაბატაძეს, თუმცა ამბობს, რომ სამინისტრომ ეს ინიციატივა თანადროული ნაბიჯებით უნდა განავრცოს.

„ეს არის პოზიტიური იმ თვალსაზრისით, რომ მექანიზმი იქმნება პროფესიიდან გასვლის, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლების შემოდინებასაც პროფესიაში. რამდენად მომზადებულები არიან ახალი კადრები, ეს სხვა საკითხია. ამ თვალსაზრისით, პრობლემები სავარაუდოდ არის, იმიტომ რომ ჩვენი საგანამანათლებლო პროგრამები არ არის იმ ხარისხის, რომ ვთქვათ, ცალსახად კვალიფიციური მასწავლებლები შევლენ პროფესიაში, თუმცა გარკვეული წინაპირობა იმის, რომ ახალი ღირებულებების მატარებელი და ახალი მსოფლმხედველობის ადამიანები შევლენ, ეს არსებობს. შეიძლება ინგლისურის, ფიზიკის, მათემატიკის მასწავლებლები მაღალ მთასა და სოფელში თუ გავლენ პენსიაში აღმოჩნდეს, რომ იქ კადრი არ გვყავს. იქ ჩასანაცვლებელი კადრებს დამატებით დასჭირდება ახალი მექანიზმი და ბიუჯეტი. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სახელმწიფომ ფული გადაუხადოს ადამიანებს და ისინი გავიდნენ პენსიაში, მაგრამ კიდევ დამატებითი თანხების მოძიება გახდეს საჭირო, რომ მაღალმთიან რეგიონებში გაიგზავნონ კადრები“, –  განაცხადა შალვა ტაბატაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.