LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოგზაუროდ მიდიხარ და კვდები… ნუ გარისკავთ ისე წასვლას, რომ არ იკითხოთ რა ტრანსპორტია!

2286
Shatili-by-Zangala

შატილის გზაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზაა საქართველოში, კიდევ ერთი ავარია მოხდა – მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მანამდე კი კიდევ უფრო მთავარი – გადარჩენილების და დაღუპულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით 12 ადამიანი გარდაიცვალა – ამ ტრაგედიამ ყველა შეაშფოთა, სფეროს წარმომადგენლები კი პრობლემებზე აალაპარაკა.

“ის კი არ მიკვირს ახლა რომ მოხდა, მიკვირს ყოველ კვირა როგორ არ ხდება ასეთი ამბები” – ამბობს ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი სოფო დარბაიძე “ფორტუნასთან”.

დარბაიძე ვარაუდობს, რომ შატილის გზაზე ავარია გაუმართავი ტრანსპორტის გამო მოხდა. მისი თქმით, ამ გზაზე ტრანსპორტისთვის შედარებით მეტის გადახდაა საჭირო, ამის მიუხედავად, ტურები ძალიან იაფად კეთდება, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიები გაუმართავ ტრანსპორტს ქირაობენ.

სოფო თავად არის ნამყოფი ამ გზაზე გაუმართავი მიკროავტობუსით. ამბობს, რომ ტურისტული კომპანიების მეპატრონეები გიდებს ისე უშვებენ ასეთ გზებზე არც ტრანსპორტზე აწვდიან ინფორმაციას და არც მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

“მუშაობ ტურისტულში და არავინ გეკითხება არადერს. დილით უნდა ადგე და გაყვე სხვის მოძებნილ მარშუტკას. არავინ გეკითხება აზრს.

წლების წინ ეგრე ვიყავი ერთ-ერთ ტურისტულში.. იქ გამითეთრდა შიშოსგან თმა. გაზიან მიკროავტობუსით გამიშვეს შატილში და უკანა გზაზე “ხალასტოით” ჩამოვედით. ეგ მახსენდება ყოველ ჯერზე” – იხსენებს სოფო “ფორტუნასთან”

თავად სოფო დიდი ხანია ამ გზაზე აღარ ყოფილა, რადგან მის მიერ გაკეთებული ტურები შატილში, გამართული ტრანსპორტის გამო, შედარებით ძვირი ჯდებოდა, ხალხი კი რა თქმა უნდა, იაფ ტურებს ირჩევს. სოფომ უსაფრთხოება აირჩია.

“350 ლარად გამართული ტრანსპორტი შატილში არ ადის. გაუმართავ ტრანსპორტს ქირაობენ ეკონომიის მიზნით და შემდეგ ტური გამოდის ძალიან იაფი. მე რომ ვიხდიდი 500 ლარს ტრანსპორტში და აღარ გაიყიდა ტურები, დავანებე შატილზე მუშაობას თავი. 2 წელია აღარ დავდივარ მაგის გამო. ჩემი თავიც მენანება და სხვაც. 25 ლარი რომ ღირს შატილის ტური ავტომატურად იმას ნიშნავს რომ 350 ლარიანი ტრანსპორტით მიდის, რომელიც არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს” – ამბობს სოფო “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

სოფო ამბობს, რომ ამ მხრივ სრული განუკითხაობაა. არც კანონი არსებობს და არც ადამიანები უფრთხილდებიან ერთმანეთს. ის ყველას ურჩევს, რომ როცა დაინახავენ გაუმართავ ტრანსპორტს, იმ ტურში არავითარ შემთხვევაში არ წავიდნენ.

“სამოგზაუროდ და სიამოვნებისთვის მიდიხარ, შედეგად კი კვდები.

მოაშორეთ დენიკინის დროინდელი ტრანსპორტი!

არ შეიძლება ტურებზე გაუმართავი ტრანსპორტით სიარული, ბარშიც არ უნდა დადიოდეს ზოგიერთი მიკროავტობუსი, არა თუ მთაში.

ნუ რისკავთ ამდენი ადამიანის სიცოცხლეს, ნურც კომპანიები, ნურც გიდები, ნურც თავად მოგზაურები ნუ რისკავთ ისე წასვლას არ იკითხოთ რა ტრანსპორტია, რომ მიხვლათ და გხვდებათ ფორჩხო ადექით და დაბრუნდით სახლში, არაუშავს გადახდილ 30 ლარს, კიდე გამოიმუშავებთ თუ ცოცხლები დარჩებით!!!

მძღოლების უმეტესობას არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაააჩნიათ, იყოდეს 100 წლის წინ და უნდათ სანამ დგას მანქანა მანამ “ფული აკეთებინონ”, მოაშორეთ ასეთი მძღოლები!” – ამბობს სოფო დარბაიძე.

ის ასევე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო თუ არა მთავარი მიზეზი გაუმართავი ტრანსპორტი და დაუდევრობა, მთავარია ის რომ ხალხი, რომელიც შიდა ტურიზმითაა დაინტერესებული, ყოველდღიურად დგას ამ პრობლემის წინაშე.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან ავტობუსი გადავარდა: დაღუპულია 12 კაცი, დანარჩენებს კი ეძებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები