LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროები, რომლებიც წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ

97

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 2017 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.

წარმოდგენილი პროექტით, 2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით, 111.2 მლნ ლარით იზრდება და 3 მლრდ 527 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%) შეადგენს.

აქედან, განმარტებითი ბარათის თანახმად, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 მლრდ 463 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება; ასევე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრულია – 982.8 მლნ ლარამდე; მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის – 704.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია – 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა – 16.0 მლნ ლარი; ინფექციური დაავადებების მართვა -10.5 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა – 15.6 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა – 10.0 მლნ ლარზე მეტი, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – 35.0 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა – 21.0 მლნ ლარი; დიაბეტის მართვა – 13.0 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება – 39.0 მლნ ლარი; სოფლის ექიმი – 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება – 22.3 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 10.0 მლნ ლარი და სხვა. ასევე, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის – 25.0 მლნ ლარი.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს, 2017 წელთან შედარებით, მისი ბიუჯეტი დაახლოებით, 572 მილიონი ლარით იზრდება და 2018 წელს ჯამში გამოყოფლია 1 მილიარდ 830 მლნ ლარი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია – საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის – 1 მილიარდ 283 მლნ ლარი, მათ შორის, განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) – 250.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა -150.0 მლნ ლარი; ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 70.0 მლნ ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 45.0 მლნ ლარი; ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა – 30 მლნ ლარი; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 30.0 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა – ზემო ოსიაური) – 20.0 მლნ ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 25 მლნ ლარი; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 20.0 მლნ ლარი; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 60.0 მლნ ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა – 53.0 მლნ ლარი; თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25.0 მლნ ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია – 25.0 მლნ ლარი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 25.0 მლნ ლარი; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 10.0 მლნ ლარი.

ამასთან, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.0 მლნ ლარი, მათ შორის, მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია – 60 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი – 45.0 მლნ ლარი; რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) – ჯამში 43.7 მლნ ლარი;

ასევე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 254.9 მლნ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც დადგეგმილია ქუთაისის წყალარინების პროექტის განხორციელება, გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა, ასევე საქართველოს სხვდასხვა რეგიონში წყლისა და წყალარინების, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.

პირველადი პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62.6 მლნ ლარით იზრდება და 1 მლრდ 178 მლნ 770 ათას ლარს შეადგენს. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად განსაზღვრულია – 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 598.9 მლნ ლარი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 11.9 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 12.8 მლნ ლარზე მეტი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 23.0 მლნ ლარამდე; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 22.1 მლნ ლარი და სხვა.

ასევე პროფესიული განათლების დასაფინანსებლად – 38.0 მლნ ლარამდე; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად – 135.1 მლნ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 62.6 მლნ ლარი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის – 97.2 მლნ ლარზე მეტი; დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიემართება (მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს – გრანტი) 116.8 მლნ ლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები