LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ბათუმში ასოცირების სამიტის ჩატარება შესთავაზა – რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე

87
Untitled design

“შევთავაზე ბატონ შარლ მიშელს, რომ ივლისში, როდესაც ბათუმის ცნობილი კონფერენცია ტარდება, ეს კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად და ჩვენ დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელთან შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზეც და განიხილეს ის მჭიდრო კავშირებიც, რომლებიც რეგიონში მეტი სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა ამოქმედდეს:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებამ მიიღოს თავისი სრულყოფილი სახე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როდესაც ჩვენი ბათუმის ცნობილი კონფერენცია ტარდება, ეს კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად და ჩვენ დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები და ევროკავშირთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ფორმატმა, რომელიც გვაკავშირებს ამ სამ ქვეყანას და ევროკავშირს და რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ორი ერთმანეთს ავსებს და ორივე არის ის ძალიან მჭიდრო კავშირები, რომლებიც გვაქვს ევროკავშირთან და რომელიც სრულყოფილად უნდა ავამოქმედოთ, ავამოქმედოთ ისე, რომ რეგიონში შემოვიტანოთ მეტი სტაბილურობა და მეტი ეკონომიკური განვითარება. სწორედ ამაში დევს ჩვენი და ევროკავშირის ინტერესიც – არა მხოლოდ ჩვენ მიმართ, არამედ მთლიანად, რეგიონის მიმართ.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვია. მასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ შეთანხმების დოკუმენტზე დღეს ახალი ხელმოწერები ემატება და იმედი აქვს, პროცესის გაგრძელებით მომავალში სრულყოფილ შედეგს მიიღებენ.

პოპულარულები