LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძისა და ლაშა ბასლანძის ოჯახს ახალი წევრი შეემატა

1882
salome bakuradze exclm

ლაშა ბასლანძისა და სალომე ბაკურაძის ოჯახში ახალი წევრია, დიბი ბასლანძე, ლეკვი, რომელიც წყვილის ვაჟს, სანტის ლაშას მეგობრებმა აჩუქეს. როგორც სალომე ამბობს, მისთვის ეს ამბავი სიურპრიზი იყო, ახლა კი მთელი ოჯახი ეჩვევა ახალ წევრს, განსაკუთრებულად მას ლაშა უვლის. ძაღლით ასევე აღფრთოვანებულია მისი უფროსი შვილი, ელენეც, რომელიც დიბისთან სათამაშოდ ხშირად მოდის. ლაშა და სალომე მიიჩნევენ, რომ ბავშვებისთვის ძაღლთან ურთიერთობა ძალიან კარგია.

ლაშა:

„იუვენტუსის“ თავდამსხმელის, დიბალას პატივსაცემად დიბი დავარქვი. ჯეკ რასელ ტერიერია. ფილმში „ნიღაბი“ რომ მაილოა, ეგ ძაღლია და სულ გვინდოდა, გვყოლოდა.

სალომე:

გვინდოდა რა, ლაშას უნდოდა (იცინის). ჩემთვის სიურპრიზი იყო. ვფიქრობდი, ამ პატარა სახლში ძაღლის მოყვანა ადრე ხომ არ არის–მეთქი. თან, ჩემთვის მართლა დიდი პასუხისმგებლობაა ძაღლის ყოლა. ამ თემაზე საუბრობდა და ეტყობა, ნიადაგს ამზადებდა.

ლაშა:

ეს ლეკვი სანტის აჩუქეს ჩვენმა მეგობრებმა, ოთო აბესაძემ და მისმა მეუღლემ, დეამ. რა თქმა უნდა, უარი არ ვთქვით. პირიქით, ძალიან გაგვიხარდა.

სალომე:

წინა დღეს მითხრა, ხვალ მოვიყვანო და ვკითხე, ვის–მეთქი. ძაღლსო. ლაშას სჩვევია ასე რაღაცის თქმა და ყურადღება არ მიმიქცევია, სერიოზულად არ მივიღე, მაგრამ მეორე დღეს მართლა მოვიდა ძაღლით. ისეთი საყვარელი ძაღლია, განსაკუთრებული სახით, თეთრი, ქუთქუთა, იყურებოდა, მოვედი და აბა, როგორ შემხვდებითო. სანტის ისე უყვარს ძაღლები, რომ ჩვენი მეგობრების ძაღლებს რომ ეთამაშებოდა, ვერ ვიგებდით, რომელი რომელს ღლიდა…

ლაშა:

ბიჭს ძაღლი უნდა ჰყავდეს. მე მყავდა ბავშვობაში. პასუხისმგებლობა, მეგობრობა, ყურადღება, ბევრს რამეს ასწავლის ბავშვს ძაღლთან ურთიერთობა.

როგორ შეეგუეთ ძაღლს? მისი მოვლა არცთუ ადვილია.

სალომე:

სულ გაგრძნობინებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ლაშამ თავად სრულად აიღო ძაღლის მოვლის პასუხისმგებლობა, მისი უნარ–ჩვევების გამომუშავება, მისი კვება თუ სხვა რამ. ლაშას უფროსი შვილი, ელენე ამბობს, მგონი, ლაშას არც ერთი შვილი ასე არ უყვარსო და იმაზე არ ვდაობთ, რომ არც ერთი შვილისთვის არ გაუღვიძა ღამე ამდენჯერ, ამდენი არ მოუვლია, დასაფენი ამდენჯერ არ გამოუცვლია და ა.შ. ყოველდღე მოაქვს სათამაშოები, გასართობები, მეორე დღესვე კლინიკაში ვეტექიმთან გააქანა, აღრიცხვაზე აიყვანა, მისცა გვარი… იმ დონეზეა ჩართული…

ლაშა:

დიბი ბასლანძე გვყავს (იღიმის). მოკლედ, პასუხისმგებელი მე ვარ. სანტი კი მხოლოდ ეთამაშება. სანტი 4 წლისაა, თავს უკვე აღარ აფერებინებს არავის, დედამისის გარდა, მაგრამ ძაღლს ეხუტება და ეფერება. ვცდილობთ, როცა კარგი ამინდია, დიღომში ვიყოთ საკუთარ სახლში, სადაც ეზო გვაქვს.

სალომე:

მთელი ოჯახი გაგიჟებულები ვართ ამ უსაყვარლეს ერთი თვის ძაღლზე. ელენე ყოველდღე მოდის დიბის სანახავად, აფრენს მასზე, ეთამაშება და განსაკუთრებულად არის გახარებული მასთან ურთიერთობით. ელენე ზოგადად სუპერგოგოა, ბეჯითი, ბევრს მეცადინეობს, უბრალოდ, როგორც ყველა ჩვენგანი, ისიც მოწყენილია იზოლაციისას და მეგობრები ენატრება.

იზოლაცია როგორ გადაიტანეთ?

დიდი პასუხისმგებლობით. ჩემი ახლობლების წრეში, არ დავასახელებ, საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე სახე  მეხუმრა იმის გამო, რომ როცა გოგონები იკრიბებოდნენ მინიკლასტერში, მე არ გავდიოდი და ვიგონებდი მილიონ მიზეზს საამისოდ (იცინის). პროდუქტებზეც იშვიათად მივდიოდი, ისე მქონდა აწყობილი, დღეს გავედი ცოტა დიდი ხნით პირველად ქუჩაში.

ლაშა:

ვფიქრობ, ქართველებმა საოცარი კანონმორჩილება გამოვიჩინეთ და ყველამ ერთად დავდეთ ეს საოცარი შედეგი, რაც გვაქვს.

შენ კიდევ აღნიშნავ ახალი გამოჯანმრთელებულების დამატებას ალკოჰოლით?

ბოლომდე უნდა მივყვე და ყველა გამოჯანმრთელებული აღვნიშნო. ახლა ძაღლზე გადავერთე და მხოლოდ გამოჯანმრთელებულებს მივყვები… დანარჩენს აღარ ვწერ არაფერს.

სალომე:

ლაშა ხომ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, მე კი სულ ვსაყვედურებ, დაწყნარდი, არ არის შენი საქმე ამდენი რამის წერა–მეთქი, ზოგჯერ თვალს ვარიდებ, რომ არ შემომეკითხოს რამე… ახლა ცოტა დაშოშმინდა. ამას წინათ სერიალს ჩაუჯდა, სერიალები დიდად არ უყვარს, მაგრამ მოეწონა. გახარებული ვარ და ხმას არ ვიღებ, რადგან „ფეისბუქს“ მოსწყდა. დეიდაჩემმა უთხრა ამას წინათ, „ფეისბუქზე“ აღარ აქტიურობო და უცებ ლაშაც შეგულიანდა, დედაჩემმა კი უპასუხა, სერიალებზეა გადართულიო. მეორე ოთახიდან ვეძახდი, გაჩერდით, უყუროს სერიალებს–მეთქი.

ლაშა:

აი, ასე ვერ იტანს ხოლმე ჩემს სტატუსებს (იცინის). ისეთი პერიოდი იყო, ყველა ერთმანეთს უნდა მივხმარებოდით, ზოგი ვიცინოდით, ზოგი ვხუმრობდით, ზოგჯერ ნერვებიც გაგვექცა… გადავიტანეთ და შევდექით ერად, მგონია, რომ ეს ყველაზე მაგარია.

შენი მეუღლე რომ გემრიელ კერძებს გიმზადებდა, ეს არ გიმაღლებდა განწყობას?

სალოს არა აქვს ხარჩოს და მსგავსი კერძების მომზადების ნიჭი, მაგრამ ასეთი კერძები მეც ნაკლებად მიყვარს. რაც მიყვარს, სწორედ იმას ამზადებს გემრიელად. ტუნას სპაგეტის მიკეთებს ხოლმე და საოცრებაა.

სალომე:

ლაშს უყვარს მარტივი კერძები, პერსონალურად მისთვის მომზადებული. ურჩევნია, შემწვარი კვერცხი იყოს და ის მიირთვას. საერთო სადილები არ უყვარს. მოკლედ, ადვილად გამოვძვერი. კულინარიის განსაკუთრებული ნიჭი, მგონი არ მაქვს და ნუ დამაბრალებთ.

ყველაზე მეტად რა გენატრებათ იზოლაციაში? სალომე, როდის იმღერებ ისევ, ამაზე ფიქრობ?

ლაშა:

ადამიანები გვენატრება. ზოგადად, ისე მენატრება ყველაფერი, მგონი, მეც ვიმღერებ (იცინის).

სალომე:

ეგ არ გააკეთო. სადმე თუ გამოვალ და სცენის წინ ხუთი კაცი მაინც შეიკრიბება, იმათაც დაშლი და გააქცევ… ისე ვფიქრობ და ვერ ვალაგებ, როგორ უნდა გაიმართოს კონცერტები, ჯერჯერობით კონცეფციაზე ვერ ჩამოვყალიბდი, მაგრამ აქ ჩემს აზრს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც შემოგვთავაზებენ, ისე გავაკეთებთ. სიგიჟემდე მენატრება სიმღერა, ჩემი საქმე, კონცერტზე გამოსვლა, მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა და გართობა. აღარ ვამბობ, წინ და უკან სირბილზე და ტანსაცმლის ყიდვაზე (იცინის).

ლაშა:

ამ კარანტინმა რეჟიმში ჩაგსვა. ის ცხოვრება მენატრება, ძველი. ცხრა საათზე რომ სახლში ვარ და 12–ზე თავი მწყდება, ეგ არ მომწონს. ისეთი პერიოდი მოდის, კარგი ამინდის, გარეთ სეირნობის, ხალხის ნახვისა და სიყვარულის გამოხატვის… ისე მენატრება ბათუმი, რომ პირველი, რასაც გავაკეთებ, ბათუმში წავალ. იტალიაში ოჯახურად ჩასვლას ვგეგმავდით, ნათესავების ნახვას, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ჩაგვეშალა. ამ ზაფხულს არავინ წავა საზღვარგარეთ და ბათუმშიც იქნება ხალხი და ყველა სხვა დანარჩენ ქართულ კურორტზეც. ოპტიმისტურად ვუყურებ, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ.

სალომე:

მე საზღვარგარეთ წასვლა მენატრება ძალიან…

სანტის როგორ ართობთ ამ კარანტინში?

სამი–ოთხი დღე კითხულობდა, დღესაც არ მივდივარ ბაღში, არ წავიდა კორონაო? როცა ავუხსენით დიდივით, ჩვეულებრივად მიიღო და გაიგო. ერთობა ძაღლთან, დავხვეწეთ ხატვა, მისი კაცუნები უკვე კაცუნებს ჰგვანან, ორი ხელი და ორი ფეხი აქვთ, რაღაცებს წერს კიდეც. მუდმივად რაღაცას უყურებს, ვკითხულობთ. ბევრი რამით ვართობთ. ზოგადად, ოჯახს არ გვიჭირს გართობა (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები