LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა: „საწოლიდან ვერ ვდგებოდი… კოშმარული დღეები გამოვიარეთ…“

30270
salomebakuradzenews45

მომღერალმა სალომე ბაკურაძემ და მისმა ოჯახმა არცთუ მარტივი რამდენიმე დღე გამოიარეს. როგორც მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა, ლაშა ბასლანძემ ახლახან დაწერა: „დღეიდან „მოვიხოდეთ“ და დავბრუნდით. ბოდიში, ხალხო, ვერ გპასუხობდით. სალო უკეთ არის და მალე ისევ იციმციმებს, როგორც ადრე ❤️ ძალიან დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის“.

Fortuna.ge სალომე ბაკურაძეს დაუკავშირდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად. როგორც მისგან შევიტყვეთ, მისი დიაგნოზი ვესტიბულარული აპარატის პრობლემას უკავშირდება, იმას, რამაც გარკვეული პერიოდის წინ კახი კალაძე შეაწუხა, თუმცა სალომეს შემთხვევაში – უფრო მსუბუქი ფორმაა, დიაგნოზი ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთებას უკავშირდება, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ, სალომემ გაიღვიძა და საწოლიდან წამოდგომა ვერ შეძლო… აღსანიშნავია, რომ ნოემბრის თვეში ცნობილმა მომღერალმა კორონავირუსი გადაიტანა, უსიმპტომოდ და მსუბუქად, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს დაავადება მის გადატანილ კოვიდინფექციას უკავშირდებოდეს.

სალომე ბაკურაძე:

რამდენიმე დღის წინ, გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. მქონდა გულის რევის შეგრძნება გამუდმებით. თვალსაც რომ ვხუჭავდი და ვიწექი, მაინც ყველაფერი ტრიალებდა.

ჩემმა დედამთილმა და მეუღლემ დედამიწა გადაატრიალეს და დაუკავშირდნენ ექიმს, რომელიც ამ პერიოდში თურქეთში იმყოფებოდა. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. მე, ამ დროს, მართალი გითხრათ, ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე… ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე.

ექიმი ნევროლოგის, ეკა ხარხელის ასისტენტებმა ჩამიტარეს ყველა კვლევა. თვალებს ვერ ვახელდი და ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ლეიკოპლასტირით დამიმაგრეს, რომ გუგები ენახათ… დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა, როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში. ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დამინიშნეს როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელსაც სახლში ვაკეთებ. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ. ორი-სამი დღე საკმაოდ მძიმე იყო, კოშმარული დღეები გამოვიარე…

რა მიზეზმა გამოიწვია ეს დაავადება? კორონავირუსს ხომ არ დაუკავშირეს?

კორონავირუსი გადავიტანე ნოემბერში, სრულიად უსიმპტომოდ, გეგმური ტესტი რომ არ გამეკეთებინა, ვერც გავიგებდი, რომ მქონდა. არანაირი გართულება არ მოუტანია. მეგონა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა…

როგორც ექიმებმა მითხრეს, ალკოჰოლდამოკიდებულ და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ ხვდებიან გამომწვევ მიზეზს. დაახლოებით 80%-ის შემთხვევაში არ იციან, თუმცა ექიმმა კორონავირუსის შემდგომი გართულება არ გამორიცხა. მართალი გითხრა, არც მე გამოვრიცხავ ამას. როგორც გავიგე, სასუნთქი გზების დაზიანებით იწყება და კორონავირუსს სწორედ ეს ახასიათებს, არადა, მეგონა, გართულებების გარეშე გადავიტანე.

ახლა როგორ ხარ?

ახლა ბევრად უკეთესად. ტელეფონსაც ვპასუხობ, ლაპარაკიც აღარ მჭირს. დამოუკიდებლად გადავაადგილდები, თუმცა ეს ჯერ დისკომფორტს მიქმნის, რადგან სიარულისას გვერდზე მივდივარ, თუმცა მითხრეს, რომ ეს გამოსწორდება. ისიც მითხრეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, შემდეგში შემექმნას ამგვარი პრობლემა. იმედიანად ვარ. 10 დღეში მკურნალობის შედეგი უნდა გადავამოწმო.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები