LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული დაკავება არაკონსტიტუციურად ცნო

77
sakonstitucio

საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია. სასამართლომ გადაწყვეტილება საია-ს სარჩელის საფუძველზე მიიღო. ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12 საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში.
პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ.

„ამგვარად, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. ასეთი პირები 2 დღით მეტს ატარებდნენ პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე ის პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიანი ვადა მთავრდებოდა სასამართლოს სამუშაო დროს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებლად და შესაბამისად, დისკრიმინაციულად მიიჩნია. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო 48 საათით ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიყვანა შემდეგი მაგალითი იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იყო განსხვავებული მოპყრობა არაგონივრული: ადამიანი რომელიც დააკავეს 2020 წლის 29 დეკემბერს 23 საათზე, სასამართლოს წარედგინება და ადმინისტრაციული დაკავებიდან თავისუფლდება მეორე დღეს, 2020 წლის 30 დეკემბრის დილის 11 საათზე, ხოლო თუკი ადამიანი დააკავეს 5 საათით ადრე ანუ 2020 წლის 29 დეკემბრის 18 საათზე, ადმინისტრაციულ დაკავებაში იმყოფება ორი დღის განმავლობაში და სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მესამე დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს საღამოს 18 საათამდე, უფრო გვიან, ვიდრე მასზე 5 საათით გვიან დაკავებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2021 წლის პირველ ივნისამდე, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადგინოს უფრო მცირე ადმინისტრაციული დაკავების ვადა იმ პირებისათვის, ვისი დაკავების 12 საათი იწურება სასამართლოს არასამუშაო დროს.

საია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები