LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახიფათო ინვესტიციები რუსეთიდან – გვჭირდება თუ არა ოკუპანტის ფული ბიზნესში

337
ff6c2ffa8b8a51fd88ee78743b2fd998

ეკონომიკური ოკუპაცია VS ეკონომიკური კეთილდღეობა – დღევანდელი საქართველო ამ რეალობის წინაშეა. „თელასი“, „ენგურჰესი“, „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2,“, „არემჯი გოლდი“, „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, ფოთის ნავთობტერმინალი, „ბილაინი“, „ვითიბი ბანკი“, „ვიმბილდან ჯორჯია“ (პროდუქტი „სოფლის ნობათი“) – ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც IDFI-ის ინფორმაციით, რუსული სახელმწიფო კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. სულ ახლახანს კი, „როსნეფტი“, რომელიც ფოთის ნავთობტერმინალის მფლობელია, „ვისოლით“ დაინტერესდა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. კომპანიის დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ის ასეთ საკითხებს, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ბიზნესმენი ისე უყურებს.

რადიო „ფორტუნამ“ კი ამ საკითხს არც როგორც პოლიტიკოსმა და არც როგორც ბიზნესმენმა შეხედა. ჩვენ თავი მოვუყარეთ ოკუპანტ ქვეყანასთან დადებულ მსხვილ გარიგებებს, გავიხსენეთ, როგორ „დაგვსაჯა“ მეზობელმა, როცა „გაზპრომზე“ ვიყავით დამოკიდებული, ვესაუბრეთ ეკონომისტებს და გთავაზობთ ანალიზს, რა საფრთხეებს შეიცავს რუსული ინვესტიციები, რა ბერკეტები ჩავუგდეთ ხელში ოკუპანტს და მეორე მხრივ, რა მოხდება თუ ქვეყანა რუსულ ფულზე უარს იტყვის.

 

რუსული ფული ქართულ ბიზნესში 

ერთ-ერთი პირველი მსხვილი რუსული ინვესტიცია „რაო ე-ესის“ მიერ ელექტროგადამცემი ხაზების შეძენა იყო. ეს ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, 2003 წლის მაისში მოხდა, რასაც იმ პერიოდში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

თავის დროზე ასევე მწვავე კრიტიკა დაიმსახურა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის ჩეხური „ენერგო პროსთვის“ მიყიდვამაც. ოპონენტები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ჩეხური კომპანია ფასადური იყო და რეალურად რუსულ ინტერესებს ატარებდა, თუმცა დღემდე ამ მოსაზრებებს ფაქტებით ვერ ამყარებენ. ყველასთვის ცნობილია, რომ მფლობელი ჩეხი მილიონერი ჯარომირ ტესაა.

ჰიდროელექტროსადგურებისა და ენერგოგამანაწილებლების პრივატიზაცია დღის წესრიგში ყველაზე აქტიურად მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დადგა. 2006 წლის იანვარში, როცა „გაზპრომმა“ საქართველოს გაზი შეუწყვიტა, ჩვენ ბუნებრივი აირის შესყიდვა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დავიწყეთ. ძალიან მალე, 2007 წელს უკვე ჰიდროპოტენციალის ათვისებაც მოვახერხეთ და ეს ყველაფერი ჩეხურ კომპანია „ენერგო პროს“ ჩავაბარეთ, რომელზეც შეგახსენებთ, ეჭვობდნენ, რომ სინამდვილეში ეს რუსული კაპიტალი იყო. ამავე წელს თავის ისტორიაში პირველად, საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანა.

ეკონომისტები ყველაზე საეჭვოდ მაინც გაზისა და ელექტროენერგიის სფეროებში ჩადებულ რუსულ ფულს უყურებენ, სხვა ბიზნესებზე კი ამბობენ, რომ საქართველოსთვის ნებისმიერი ინვესტიცია მიმზიდველია.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც კონკრეტულად ამ თემებზე მუშაობდა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ როცა საქმე ფულს ეხება, ის საქართველოს ეკონომიკისთვის მიმზიდველია, რუსული იქნება ეს თუ სხვა ქვეყნის.

„ნებისმიერი ტიპის ინვესტიცია, რაც რუსეთიდან მოდის, მაინც საფრთხილოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ ის ხელოვნურად შეზღუდოს. ცხადია, პრობლემა იქნება თუ მთავარი წილის მფლობელი რუსული მხარე იქნება. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მონოპოლია. მაგალითად, ელექტროენერგიის მხრივ ასეთი სიტუაცია გვაქვს – „თელასის“ შემთხვევაში ფაქტია, მონოპოლიაა, თუმცა შეზღუდვა ომის დროსაც კი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა რომ მოინდომოს ჩვენთვის პრობლემების შექმნა, საქართველოს მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია პირდაპირ ჩაერიოს ნებისმიერი ბიზნესის მართვაში და კომპანიის ნაციონალიზაცია გამოაცხადოს. ზოგადად, ეს სწორი არაა, მაგრამ თუ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიქნებით, გარკვეული ზომების მიღება შესაძლებელია. ღილაკების ძირითადი ნაწილი საქართველოშია, ამ მხრივ რაღაც ბერკეტი მაინც გვრჩება“, – აცხადებს ხორგუაშვილი.

მისი თქმით, გაზის შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო, რადგან მაშინ მთლიანად „გაზპრომზე“ ვიყავით დამოკიდებული.

რაც შეეხება სხვა ტიპის ბიზნესებს, ზვიად ხორგუაშვილი „ფორტუნასთან„ საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგადად რუსულ კომპანიებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა სახიფათოა. მან 2006 წლის ემბარგო და მისი შედეგები გაიხსენა, როცა რუსეთზე მიბმული საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა.

როგორ „დაგვსჯის“ რუსეთი, თუ ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი მის ხელში აღმოჩნდება

2006 წლის 22 იანვარს საქართველო-რუსეთის საზღვარზე გაურკვეველ ვითარებაში მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა, მალევე მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონიც”. რუსეთზე თითქმის სრულად ენერგოდამოკიდებული საქართველო გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რამდენიმე თვეში კი რუსეთმა გაზის ტარიფი 100 პროცენტით გაზარდა. იმ პერიოდში საერთაშორისო მედია ამ თემაზე აქტიურად წერდა.

 

ამ თემას 2006 წელს BBC-იც გამოეხმაურა.

 

რუსეთმა აკრძალა ქართული პროდუქციის ექსპორტის და ზუსტად 1 დღეში რუსულ ბაზარზე სრულად დამოკიდებული საქართველო გასაღების გაზრის გარეშე დარჩა.

ოკუპანტის სადამსჯელო ნაბიჯი იყო ასევე ქართველების დეპორტაციაც. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში რამდენად გამოიყენებს მეზობელი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და საქართველოს ეკონომიკისთვის საჭირო რუსული ინვესტიციები ისევ ჩვენს ეკონომიკას ხომ არ შემოუბრუნდება ცუდად.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი გვეუბნება, რომ ვაჭრობის სფერო არანაკლებ საფრთხილოა, მით უმეტეს ახლა, როცა ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ისევ რუსეთია.

„მთავრობამ ასეთ დროს ინვესტიციები კი არ უნდა შეზღუდოს ან ვინმეს პროდუქციის შემოტანა-გატანა აუკრძალოს, არამედ უნდა გახსნას ბაზარი. 2006 წლის შემდეგ 2012 წლამდე სწორედ ეს მოხდა, მაგრამ 2012 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ თქვა, რუსეთის ბაზარზე ვბრუნდებითო, 2014 წელს რუსეთის კრიზისმა ჩვენც დაგვაზარალა, ახლა საერთოდ ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ბაზრის გახსნა პირველ რიგში გადასახადების კუთხით უნდა მოხდეს. მთავრობამ მაგ. იმპორტის გადასახადი რომ გააუქმოს, სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი იმპორტი შემოვა, დღგ რომ შემცირდეს ადგილობრივი წარმოება გაიზრდება და იმპორტის წილი დაიკლებს, რუსეთი იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების შემოსვლაზე ნებისმიერი სფეროში“, – აცხადებს ხორგუაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები