LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო წერილი მშობლებს: თუ არ გვეხმარებით, ხელი მაინც არ უნდა შეგვიშალოთ!

590
64612383-10213731369550769-7108793460454326272-n

“სირცხვილიას” ერთ-ერთი აქტივისტი ანეტ გაბელაია, სოციალურ ქსელში მშობლების თაობისთვის დაწერილ საკმაოდ ვრცელ წერილს აქვეყნებს.

წერილის შინაარსი ეხება უფროსი თაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ახალგაზრდების გულწრფელს, უკვე 81 დღიან პროსტესტს აკრიტიკებენ და ლანძღავენ იმის გამო, რომ ახალ თაობას საკუთარი აზრის დაფიქსირება და ინტერესების გატარება სურს.

“ამ წერილის ადრესატი მთელი ჩემი მშობლების თაობაა, ჩემი მშობლების ჩათვლით. ბოდიში, ცოტა გრძელია სასტატუსოდ, მაგრამ მოკლედ არ გამოვიდა.

ჩვენს ქვეყანაში, ცხოვრების ყველა ეტაპზე გვესმის და გვახსენებენ, რომ შვილებმა მშობლებს იმედები უნდა გაუმართლონ, კარგად ისწავლონ სკოლაში, უნივერსიტეტში, მიიღონ ისეთი ნიშნები და აიღონ იმდენი დიპლომი, რამდენიც მშობლისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი, დაოჯახდნენ ისე, როგორც მშობლებსაც მოეწონებათ, კარგი სამსახური იშოვონ და, თუ არ გამოუვათ ასახელონ, არ შეარცხვინონ მაინც ოჯახი თავიანთი ქმედებებით.

მოკლედ, ისინიც კი, ვინც არ ვაკეთებთ ‘რაც მამას უნდა’, მაინც ვცდილობთ ხოლმე ისე მოვიქცეთ, რომ მამას არ დავწყვიტოთ გული.

მე მესმის, თქვენ, ჩვენმა მშობლებმა, მძიმე ცხოვრება გამოიარეთ. უშუქობის, უწყლობის, უფულობის, საჭმლის უქონლობის და პირიდან გამოღებული ბოლო ლუკმის შვილისთვის გამეტების ისტორიებზე მეტიც რა გვაქვს ნასმენი.

მესმის, დაუსრულებელი არეულობა და იმდენი ომი, რამდენიც, წესით, ერთი ადამიანის ცხოვრებაში არ უნდა ეტეოდეს. მესმის ამ ყველაფრისგან გამოწვეული შიში და ვერ გამბედაობა. მესმის დაღლა და პარლამენტის წინ ტრაფარეტებით დგომის ყელში ამოსვლა. მესმის ‘9 აპრილი’ და სევდა, რომელიც აღარავის უნდა განმეორდეს. მესმის, რომ ‘30 წელია იქ დგახართ და ახლა ჩვენი ჯერია.’

რა არ გესმით თქვენ? თქვენ არ გესმით, რომ რა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ ჩვენს გვერდში არ დგომისთვის, თუ არ გვეხმარებით, ხელი მაინც არ უნდა შეგვიშალოთ!(და ნერვები მაინც არ უნდა აგვიშალოთ!)

განსაკუთრებით თქვენ, სოციალურ ქსელებს ახლად გაცნობილო მშობლებო, რომლებიც არ იშურებთ ჩვენთვის სალანძღავ სიტყვებს, გვეძახით ყველაფერს, რაც თქვენთვის ცუდთან ასოცირდება, გვლანძღავთ შორიდან, სახლში გემრიელად მოკალათებულები თქვენს დაგროვილ ბალღამს ჩვენზე ანთხევთ – ვინ მოგცათ ამის უფლება? იმის მაგივრად, თუ კარგი არ გაქვთ სათქმელი, გაჩუმდეთ მაინც, აღებთ პირებს და ისეთ უშვერ სიტყვებს ისვრით, თითქოს თქვენთვის რამე დაგვეშავებინოს, ვინმე მოგვეკლას, ვინმესთვის თვალი დაგვეთხაროს.

რა იცით ჩვენზე? რა იცით ვინა ვართ?

ჩვენ ვისწავლეთ – დიპლომებში ფული არ გადაგვიხდია, ‘ჩაწყობის’ გარეშე ვიშოვეთ სამსახურები, არ ვმდგარვართ ბირჟებზე და დომინოს რახუნსა და მზესუმზირის ჩენჩოების ფურთხებაში არ გაგვიტარებია წლები, არ ვეძებთ მარტივ გამოსავლებს და ვცდილობთ უკეთესი გავხადოთ ის გარემო, რომელიც თქვენ დაგვახვედრეთ. ვებრძვით უსამართლობას ყველა ფეხის ნაბიჯზე, სკოლა იქნება, უნივერსიტეტი, სამსახური თუ ქვეყნის პარლამენტი და ჩვენც დავიღალეთ იმით, რომ ამ ყველაფერთან ერთად, თქვენი უშვერი სიტყვების მოგერიება გვიწევს და იმის სწავლა, როგორ არ გვეტკინოს გული, როგორ არ ამოვიდეს ყელში, როგორ არ დავიკიდოთ.

მე ჩემი მშობლები ძალიან მიყვარს. ჯერ რა ვარ და რაც ვარ, ესეც არ ვიქნებოდი, რომ არა ისინი. მაგრამ გული მტკივა, როცა ჩემთვის ძალიან მარტივ საკითხზე, რომელიც ადამიანის ძირეული უფლებების დაცვას და ცალი თვალითაც დანახვად უსამართლობასთან ბრძოლას ეხება, მათთან დიალოგში, მხარდაჭერასთან ერთად, მაინც ვგრძნობ ჭოჭმანს.

გული მწყდება, რომ თქვენ, ჩვენი გამზრდელი მშობლები, 80 დღის განმავლობაში არცერთი წამით შემწყდარ პროტესტის გრძნობას ეჭვქვეშ აყენებთ და მაინც გგონიათ, რომ თქვენ უკეთ იცით – ახალგაზრდები ცდებიან. ამაში გასაკვირი რაა, უფროსებს რომ სრულიად უმიზეზო წინააღმდეგობის გრძნობა აქვთ შვილებისადმი და პირიქით, მაგრამ 80 დღე, უდანაშაულო, უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, უთვალოდ დარჩენილი გოგო-ბიჭი, თავისუფალი, დაჯილდოვებული მოძალადეები და ამ ყველაფრის მერე, თქვენ ჯერ კიდევ არ ეკითხებით საკუთარ თავს, რომ იქნებ ცდებით, რომ იქნებ თქვენი შვილები არიან მართლები?!

20 ივნისის ამბებს შორიდან ვუყურებდი და ჩემმა გონებამ თავისით გაიხსენა დიდი ხნის წინ მივიწყებული ამბავი: არ ვიცი რამდენი წლის ვარ, ქუთაისში ვცხოვრობთ, შუქი ისევ არ გვაქვს, არც წყალი. ისევ მოვიდა დრო, როცა ყელში ამოუვიდა ხალხს და აი მოგონებაც, ვდგავართ ქუჩაში, ჭავჭავაძეზე, ხელები გვაქვს ჩაკიდებული და გზას ვკეტავთ. კაცებს საერთოდ ვერ ვხედავ, ძირითადად – ქალები და ბავშვები. მახსოვს, ვფიქრობ, რა იქნება თუ მანქანები არ გააჩერებენ და მეშინია. მაგრამ მანქანა აჩერებს, ერთიც, მეორეც, მესამეც და შეიძლება შუქიც კი მოვიდეს დღეს საღამოს 20 წუთით. პატარა გამარჯვებას მივაღწიეთ – ესეც საქმეა, ილუზია მაინც გაქვს, რომ ეწინააღმდეგები. თუ ვერ ცვლი, არ ეგუები მაინც.

მაინტერესებს, მაშინდელი ჭავჭავაძის ქუჩის ცოცხალი ჯაჭვიდან, დღეს თუ აპროტესტებს ვინმე ჩვენს ქვეყანაში უკვე 80 დღიან მზარდ უსამართლობას? მაინტერესებს, სად არიან ის ქალები მაშინ რომ გარისკეს ბავშვების ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმა შუქის და წყლის გამო? სად არიან, როცა ბევრად მნიშვნელოვანი გზებია გადასაკეტი?

უშუქოდ და უწყლოდ ცხოვრება მირჩევნია რუსეთში ცხოვრებას (თუმცა, რუსეთშიც, ძირითადად, უშუქოდ და უწყლოდ ცხოვრობენ)! მაგრამ ეს როგორ გაგაგებინოთ თქვენ, მშობლებს, რომლებსაც ხანდახან მაინც გაგეპარებათ ხოლმე სინანული საბჭოთა კავშირზე ლაპარაკისას? როგორ უნდა გაგაგებინოთ ეს იმათ, ვინც ვერ მოასწარით გაგეგოთ რას ნიშნავს თავისუფლება? როგორ გაგაგებინოთ, რომ ჩვენ, გვირჩევნია თავი გავაჩეჩქვინოთ რუსულ ჩექმას ვიდრე დავბრუნდეთ უკან, საბჭოთა კავშირში? როგორ უნდა გაგაგებინოთ საერთოდ რამე, როცა არც გვისმენთ, არც გვენდობით და კიდეც გვლანძღავთ?

ვერც ის გესმით, რომ სულერთია ჩვენთვის ნაცი თუ ქოცი, პეტრე თუ პავლე. ვერ გესმით, იმიტომ, რომ თავად რაცა ხართ, ჩვენც ის გგონივართ და აი, მანდ კი, ძალიან ცდებით.

 

ზოგადად, ბევრ რამეში ცდებით.

ეს წერილიც მცდელობაა იმისა, რომ დაფიქრდეთრაში.

 

დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე ადრე სიამაყით, რომ მე უკვე თავისუფალ საქართველოში გავჩნდი. მართალია, ჩვენ თავისუფალ საქართველოში გავჩნდით და ამ თავისუფლებას, რომელიც, იშვიათად, მაგრამ ხანდახან, თითქმის ხელშესახები ხდება, თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე, ჩვენ არ დავთმობთ!

ამიტომ, თუ არაფერი გაქვთ ჩვენთვის სათქმელი, რომ დაგვამშვიდოთ, გაგვამხნევოთ, სტიმული მოგვცეთ, მხარი აგვიბათ – ძალიან გთხოვთ, კეთილი ინებეთ და, უბრალოდ, გაჩუმდით!” – წერს ანეტ გაბელაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები