LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება რასმუსენის განცხადებაზე: მისი მოსაზრება არ ნიშნავს, რომ საკითხი სახელმძღვანელოა

198
22731174-dfg-5d777d91f2e0d

,,საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის სრული დაცვით მოხდება,” – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას , რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

ვლადიმერ კონსტანტინიდი მიიჩნევს, რომ რასმუსენის მოსაზრების ცალსახა შეფასება ამ ეტაპზე სწორი არ იქნება და გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი. ამასთან, როგორც ის განმარტავს, ნატო-ს ყოფილმა გენმდივანმა მოსაზრება მსჯელობისთვის განაცხადა და ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაწყვეტილია ან სახელმძღვანელოა.

„ ამისთვის ცალსახად შეფასების მიცემა დღეს მართებული არ იქნება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყანა და ხელისუფლება სხვა ინსტრუმენტებსაც იყენებს, რომ მოხდეს ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

რასმუსენის შემოთავაზება გახლავთ ექსპერტულ დონეზე, ძალიან ზოგადად გაკეთებული განცხადება, რომელიც არ არის ახალი, ადრეც გაცხადებულა. გუშინ იყო შესაბამისი გარემო ამისთვის, რასმუსენი არის ავტორიტეტული ფიგურა და ეს ვერსია მსჯელობისთვის გააჟღერა და არა ის, რომ ჩვენ აპრიორი ჩავთვალოთ გადაწყვეტილებად ან სახელმძღვანელოდ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისივე განცხადებით, ალიანსი მუდმივად აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას თავის პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიმართულებით და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ წამოწია საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და აღნიშნა, რომ ეს უკვე ქართველების, საქართველოს გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა მათ შეთავაზებას.

ნატოში აფხაზეთით და ცხინვალით შესვლას გვთავაზობენ – ნუ ავრცელებთ “ანტინატო” განწყობებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკუთარ ხედვას სთავაზობს. საუბარია მექანიზმზე, რომელიც გულისხმობს, რომ ორგანიზაციის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პირობის შესახებ დროებით არ ამოქმედდება ოკუპირებულ რეგიონებში და მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა “NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში”. კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები