LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე: ხიდების ნაცვლად ზებრები და შუქნიშნები

399
65672557-2801705269846055-8678293816014274560-o

გზებზე არასწორ ადგილას გადასვლით და ავარიული სიტუაციის შექმნით, საფრთხეში ვაგდებთ არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს, არამედ საფრთხეს ვუქმნით მძღოლსაც და მგზავრებსაც. მოძრაობის წესების დარღვევით ან უბრალოდ არცოდნით, ყოველდღიურად, საქართველოს გზებზე ათასობით ადამიანი ზარალდება. ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობიდან, მესამედი ქვეითად მოსიარულეთა მსხვერპლი ფიქსირდება.

ვინ არის დამნაშავე? – უყურადღებო მძღოლი თუ ქვეითად მოსიარულე, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა და გზა არასწორ ადგილას გადაკვეთა, ან შესაბამისი გადასასვლელი ადგილით არ ისარგებლა, ან მძღოლმა გზა არ დაუთმო?!

სტატისტიკამ იმდენად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დედაქალაქმა განსაკუთრებულ ზომებსაც მიმართა. თბილისის გზებსა და შემოგარენში, ამოყირავებული მანქანები დაამონტაჟეს. ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება შესაძლო მდგომარეობის. თუმცა, რამდენად გაამართლა აღნიშნულმა აქციამ ძნელი სათქმელია. იდეას მაშინვე გამოუჩნდა კრიტიკოსები, რომელიც ზოგმა თანხების არამიზნობრივ ხარჯვად, ზოგმა ბიუჯეტის გაფლანგვად და ზოგმაც კორუფციად შეაფასა. დედაქალაქის მერიამ თავიდან უარყო, ჩვენ რა შუაში ვართო და მანქანების ამოყირავება გაიკვირვა, თუმცა ცოტა ხანშივე გაირკვა პროექტის, ტენდერის და დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციაც (თუმცა თავად აქცია შს სამინისტროს ეკუთვნოდა).

“ლა კალა კრეაწივ” – როგორ ეხმიანება საზოგადოება ამოყირავებულ მანქანებს

 

როგორც ჩანს, საზოგადოების საგანმანათლებლო მიმართულება საგზაო წესებისა და უსაფრთხოების მხრივ, არ არის საჭირო დონეზე. მიმდინარე წელს, როგორც დედაქალაქის მერიის გვერდზეა განმარტებული, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს დაიწყებს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ფეხით მოსიარულეთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ, აპრილში გაკეთებული განცხადებით აღნიშნა, რომ საფეხმავლო ხიდების ნაცვლად შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები დამატებით 19 ლოკაციაზე მოეწყობა. მისივე განმარტებით, მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა რამდენიმე შუქნიშანს რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა და ქვეითთა სექციებიც დაამატა.

ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები რამდენიმე მთავარ ქუჩაზე მოეწყობა.
“ლითონის ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს”, – ნათქვამია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე.

თბილისში საფეხმავლო ხიდების რკინის კონსტრუქციების ნაწილის დემონტაჟი დაიწყება, მათ ნაცვლად კი, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა. დიდი ყურადღება დაეთმობა ზებრა გადასასვლელების მოწესრიგებას.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქვეითებისთვის საფეხმავლო ხიდები არაკომფორტული და არაპრაქტიკულია. არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

“ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ ადგილას განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. თბილისის ქუჩები ქვეითებისთვის უსაფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს“, – განაცხადა კახაკალაძემ.

 

ლიკა შამათავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები