LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ქართული რთველი გაიმართა

231

საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი – მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“, – განაცხადა ილია კახოიძემ.

ანტიბაში წელს გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მიიღო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის და საფრანგეთი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რაც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული“, – განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

როგორც ილია კახოიძემ აღნიშნა, ქართული ღვინის საფრანგეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხშირად მართავენ შეხვედრებს რესტორნების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, სადაც საუბარია ქართულ ღვინოზე, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზების წესზე, რადგან მათთვის ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო უცხოა და ის მიწოდებული უნდა იყოს როგორც ქართული ქარვისფერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები