LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე თბილისში არსებული გამოწვევები განიხილეს

88

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ორგანიზებით , პირველი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმზე საქალაქო სატრანსპორტო მოდელების შემუშავება და განვითარება, ასევე ურბანული ტრანსპორტის განვითარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ფორუმს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ნარმანიას თქმით, თბილისის მერიას სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი და ძირითადი გამოწვევა აქვს: საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

”ამისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ამავდროულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასაც გულისხმობს. ყოველდღიურად დედაქალაქში 512 ავტობუსი და 1800 მიკროავტობუსი მოძრაობს. ჩვენ გვაქვს მეტროს განვითარებული ქსელი. თუმცა, აღნიშნული მიმართულებით წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღის განმავლობაში გადაადგილებისას უპირატესობას, მაინც ავტომობილს ანიჭებს. იმისათვის, რომ ნელ-ნელა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო მეტად კომფორტული, ჩვენ დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ზრუნვა ავტოპარკის განახლებაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, სულ რამდენიმე დღეში თბილისს 10 ახალი, ევროპული და სრულად ადაპტირებული Man-ის ავტობუსი შეემატება. სულ რამდენიმე დღეში ახალ ავტობუსებს თბილისის ქუჩებში ვიხილავთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ფორუმის ორგანიზატორმა, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობისთვის ტრანსპორტის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ.