LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიიღებს ბავშვი უკეთეს განათლებას – საჯარო თუ კერძო სკოლაში

744

ბავშვის სასკოლო ასაკის მოახლოებასთან ერთად მშობლების წინაშე დგება პრობლემა, რომელ სკოლაში შეიყვანონ ბავშვი, საჯაროში თუ კერძოში; სად არის შედარებით ხელმისაწვდომი გადასახადი, როგორია მასწავლებელთა კვალიფიკაცია, არის თუ არა ტერიტორიულად მოსახერხებელი…

დღეისთვის საქართველოში 300-მდე კერძო სკოლაა, სადაც დაახლოებით, 50 000 ბავშვი იღებს განათლებას. სწავლების საფასური წელიწადში 1000 ლარიდან 20 000 ლარამდე მერყეობს.

skolebi

საჯარო და კერძო სკოლის ხარვეზებზე საუბრობს 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების სფეროში ექსპერტი მარიამ რამინაშვილი. მისი თქმით, საჯარო სკოლის შემთხვევაში მასწავლებელს არ აქვს მოტივაცია, პროფესიული დონე გაიღრმაოს, უფრო მეტი ხალისი შეიტანოს საწავლო პროცესში, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე.

„ამასთან, მშობელი, როგორც დამკვეთი, არ ასრულებს თავის ვალდებულებას, მოთხოვოს სკოლას კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. საჯარო სკოლების კიდევ ერთი პრობლემაა ინფრასტრუქტურა. არის თუ არა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში?- ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არ არის”, – აცხადებს რამინაშვილი.

მისი თქმით, საერთო ჯამში, არის პრობლემები, რომელთაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი და უფრო გრძელვადიანი ხედვა, რაც დღეს არ არსებობს. კერძო სკოლების შემთხვევაში, მარიამ რამინაშვილის აზრით, საქმე უფრო მარტივად არის.

„მშობელს უფლება აქვს, წინასწარ მოითხოვოს სკოლისგან კონკრეტული მისია, იმის შესახებ თუ რას ჰპირდება სკოლა, რაში უნდა გადაიხადოს დამატებითი თანხა. იმიტომ რომ, სახელმწიფო კერძო სკოლებსაც თითოეული მოსწავლის განათლებისთვის ვაუჩერს უხდის. გარდა ამისა, მშობელს, პარალელურ რეჟიმში შეუძლია კერძო სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობა გააკონტროლოს. შეესაბამება თუ არა იგი დანაპირებს, რომელიც საწყის პერიოდში შედგა. ასევე, არსებობს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელსაც შეუძლია მშობელმა მიმართოს და დაუკვეთოს ამა თუ იმ კერძო სკოლის საქმიანობის ხარისხის, პროგრამების შემოწმება-მონიტორინგი” – ამბობს რამინაშვილი.

მისივე განმარტებით, ქართველი მშობელი მიჩვეულია, რომ ბავშვმა განათლება უნდა მიიღოს მხოლოდ სკოლაში და აუცილებელი ტრიადა: სკოლა, ოჯახი და საზოგადოება, ერთიანობაში არ აქვს წარმოდგენილი, ამიტომ თუ ამ კომპონენტებიდან ერთი ამოვარდება, სიტუაცია იცვლება.

“დღეს საგანმანათლებლო სისტემაში ისეთი ქაოსია, სახელმწიფო ამ სამეულში მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. საგანმანათლებლო სისტემაში არასწორი მართვის პრინციპია. ბოლო წლების განმავლობაში, უმოტივაციო, მარტო ნარჩენილი, ყოველგვარი შემოწმების გარეშე მიტოვებული სკოლები გვაქვს. ასეთ სიტუაციაზე გავლენა სკოლის დირექტორთა შესარჩევ არჩევნებსაც აქვს, სადაც 70%-ი ყოფილი განათლების მინისტრის დისკრეციით არის დანიშნული. ახალ კადრებს სკოლის მართვის არანაირი გამოცდილება არ აქვთ”, – აცხადებს ექსპერტი.

პოპულალურები