ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისის საცურაო აუზებზე მოთხოვნა იზრდება. სიცხისგან შეწუხებული საზოგადოება გასაგრილებლად და გასართობად სხვადასხვა საცურაო კომპლექსს სტუმრობს.  ამ მხრივ არჩევანი მწირი ნამდვილად არ არის, მაგრამ, როდესაც ფასის და ხარისხის საკითხი დგება, მაშინვე  ჩნდება კითხვა – სად შეიძლება ზაფხულის ცხელ დღეებს გაექცე და განიტვირთო. ამიტომაც  ”ფორტუნა” თბილისის საცურაო აუზებით დაინტერესდა.

ვაკის საცურაო აუზი

დედაქალაქში არსებული აუზებიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ვაკის საცურაო აუზია. მომხმარებელს შეუძლია, როგორც ერთჯერადი საშვით, ასევე აბონემენტითაც ისარგებლოს.

 

აუზზე ერთჯერადად შესვლის ღირებულება 60 ლარია. ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის შეძენა 440 ლარად შეძლებთ, ლიმიტირებული აბენემენტი დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე 300 ლარი ღირს.
მომსახურებაში შედის 2 პირსახოცი, აუზით, საუნით, ჟაკუზითა და სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფლება.

კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზი

კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე ერთჯერადად შესვლის ღირებულება კვირის დღეების მიხედვით განსხვავდება. შუა კვირაში აუზზე შესვლის ღირებულება 30 ლარია, შაბათ-კვირას კი შედარებით მაღალი – 40 ლარი.
აუზზე მოქმედებს სააბონემენტო სისტემაც, თუმცა ფასები ამ შემთხვევაშიც კვირის დღეების მიხედვით განისაზღვრება.
აუზის ერთთვიანი აბონემენტი შაბათ კვირას – 240 ლარი ღირს, სხვა დღეებში – 250 ლარი, 14 ნებისმიერი დღე კი – 290 ლარი დაგიჯდებათ.
მომსახურებაში შედის 2 პირსახოცი, შეზლონგი და სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობა.

Gino Paradise

”ჯინო ფერედაისი” თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასართობი კომპლექსია, განსაკუთრებული პოპულარობით ბავშვებში სარგებლობს. ”ჯინო ფერედაისი” სეზონს 9 ივნისიდან ხსნის.
ერთჯერადად შესვლის ღირებულება აქაც კვირის დღეების მიხედვით განისაზღვრება – შაბათ-კვირას 40 ლარი, სხვა დღეებში კი 30 ლარი, თუმცა 6 წლამდე ასაკის ბავშვის შეყვანა მშობელს სრულიად უფასოდ შეუძლია.
”ჯინო ფერედაისში” სააბონიმენტო სისტემა არ მოქმედებს. ერთჯერადად შესულ მომხმარებელს კი შეუძლია, აკვაპარკის მომსახურებით, სამი გარე აუზითა და მზის აბაზანებით ისარგებლოს. ”ჯინო ფერედაისის” ადმინისტრატორის თქმით, ძალიან მალე საბავშვო აუზიც გაიხსნება.

”ევროპარკი”

კვირის დღეების მიხედვით აუზზე ერთჯერადად შესვლის ღირებულება განსხვავებულია გასართობ კომპლექს ”ევროპარკშიც” – შაბათი-კვირა – 40 ლარი, სხვა დღეებში კი მომხმარებლებს 30 ლარის გადახდა მოუწევთ. VIP კლიენტებისთვის აუზზე შესვლის ღირებულება 50 ლარია.
”ევროპარკში” სააბონემენტო სისტემა არ მოქმედებს.

”ოლიმპიკი”

სხვა საცურაო აუზებისგან განსხვავებით, ”ოლიმპიკი” შედარებით დაბალ ფასებს გთავაზობთ.
გასართობ კომპლექსში ერთჯერადად შესვლის ღირებულება ნებისმიერ დღეს 2 საათის განმავლობაში 15 ლარია, ხოლო შეუზღუდავი დროით – 25 ლარი.
რაც შეეხება 1-თვიან აბონემენტს, ღირებულება დროის მიხედვით განისაზღვრება:
კვირაში სამი დღე სამი საათის განმავლობაში – 150 ლარი.
ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე – 170 ლარი.
ყოველდღე კვირის გარდა დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე – 200 ლარი.
ერთთვიანი აბონემენტის ღირებულებაში შედის აკვააერობიკა და აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფლება.

ჰიგიენური ნორმები დაცულია

საცურაო აუზებზე ჰიგიენური ნორმების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.  ნორმების დაუცველობა შესაძლოა ალერგიული ფონის, სოკოვანი დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. მეტი უსაფრთხოებისთვის „ფორტუნა“ დაინტერესდა საცურაო აუზებზე ჰიგიენური ნორმები რამდენად დაცულია.

როგორც აღმოჩნდა, ყველა აუზზე წყალი 24 საათის განმავლობაში იფილტრება და რამდენჯერმე იწმინდება. თითოეული საცურაო აუზის ადმინისტრაცია მოსახლეობას არწმუნებს, რომ შეუძლიათ, თავი მშვიდად იგრძნონ, რადგან  მათთან ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაცულია.
გვანცა ბზიავა

 

კატეგორიები: ანალიტიკა
giorgi tskhvediani
ავტორი

მსგავსი თემები