საბერძნეთის ელჩი საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის და უკვირს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ისაუბრა. ელჩი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვთ, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს.

მისივე თქმით, საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, რომ ევროკავშირს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა.

“ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. საბერძნეთმა, ე.წ შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა. იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო, საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ.

საბერძნეთი არა მხოლოდ ე.წ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5-ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა. რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოზე, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ”, — ამბობს საბერძნეთის ელჩი საქართველოში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები